სოფელ ქვეშში ახალგარემონტებული საჯარო სკოლის გახსნა
Ფოტო გალერეა






დღეს, 15 იანვარს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ქვეშში ახალგარემონტებული საჯარო სკოლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ეს სკოლა 200 ბავშვს ემსახურება და ადმინისტრაციული გამყოფი ზოლიდან, მხოლოდ, ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. სკოლის რემონტი დააფინანსა აშშ-ის სამხედრო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამამ. ეს პროექტი აშშ-ის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის თხოვნის საპასუხოდ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად მცხოვრები ბავშვებისათვის გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოსა და სანიტარულ პირობებს ქმნის.
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქვეშის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალზე
კითხვა ღონისძიების შესახებ
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მოხარული ვარ, რომ შიდა ქართლის გუბერნატორთან, ბატონ ხოჯევანიშვილთან და განათლების მინისტრ ჩხენკელთან ერთად მონაწილეობას ვიღებ ახალგარემონტებული სკოლის გახსნის ცერემონიალში. სკოლის გარემონტების შედეგად ბავშვებს განათლების მისაღებად უკეთესი გარემო ექნებათ, რაც გააძლიერებს და დაეხმარება ადგილობრივ საზოგადოებას გაუმკლავდეს სირთულეებს, რომელიც თან ახლავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტები, რათა უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება და ამ რეგიონში მცხოვრები პირების ნორმალური ცხოვრება.
კითხვა ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებით აკვირდება ცხინვალის რეგიონთან არსებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ სიტუაციის გაუარესებას, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესსა და ე.წ. გამშვები პუნქტის აღმართვას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დიდი ხანია თბილისი აკონტროლებს. აღნიშნული საკითხები ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობას აუარესებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაადგილების თავისუფლება და ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა, ასევე, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ სათანადო სამედიცინო დამხარების მიღება და ნორმალურ პირობებში ცხოვრება.
კითხვა Human Rights Watch-ის კვლევასთან დაკავშირებით
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მე მხოლოდ ახლა მივიღე ინფორმაცია აღნიშნულ კვლევაზე. არ მქონდა შესაძლებობა მას გავცნობოდი. პირველ რიგში გავეცნობით ამ კვლევას და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას.