აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი
აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შესაბამის ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასებასა და კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ შეიქმნა. ფონდი ელჩებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ განაცხადები ისეთ ერთჯერად ან განმეორებად პროექტებზე, რომლებიც ქვეყნებს მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ეხმარება.
დღეისათვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა ას ოცდახუთზე მეტ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი დააფინანსა. თითქმის 74 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.
საქართველოში ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი დააფინანსა თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით, მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისათვის 2020 წელს გამოყოფილი 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. დაცვის პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს: ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული.
2020: VI საუკუნის ჯვრის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ფაზა, ჯვრის მონასტერი, მცხეთა
2019 წელს, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება 100 000 აშშ დოლარის ოდენობით პროექტისთვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის კომპლექსურ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. 2020 წელს ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო დამატებით 506 000 აშშ დოლარი ფიზიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. პროექტი ითვალისწინებს, შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოებს, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათს რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს. სამუშაოებს საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით შეასრულებს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.
2020: მე -13 საუკუნის თანღილის აბჯრის საკონსერვაციო სამუშაოები
2019: VI საუკუნის ჯვრის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზა, ჯვრის მონასტერი, მცხეთა
ჯვრის მონასტერი მდებარეობს უძველესი ქალაქის, მცხეთის მახლობლად, კლდოვანი მთის წვერზე. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ჯვრის მთავარ ტაძარს (586-605 წლები), მცირე ტაძარსა (545-586 წლები) და გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკებისა და გალავნის შემორჩენილ ნანგრევებს. კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ძეგლს მთავარი ტაძარი წარმოადგენს. იგი გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა; გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრივ გახსნილია აფსიდებით, ყოველ კუთხეში თაღია. ტაძრის ფასადი მოპირკეთებულია კარგად გათლილი ქვით და მორთულია სკულპტურებით. ტაძარს შენარჩუნებული აქვს მაღალი ხარისხის ავთენტურობა.
გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ჯვრის მონასტრის, განსაკუთრებული ღირებულის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შემდგომი დაზიანებისგან დასაცავად ელჩის ფონდის გრანტი მოიპოვა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი მიზნად ისახავს მთავარი ტაძრის ფასადებზე დაზიანებული მოსაპირკეთებელი ქვის კონსერვაციას. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის კომპლექსურ შესწავლასა და საკონსერვაციო გეგმის შემუშავებას, რომელშიც გაწერილი იქნება კონსერვაციის სტრატეგია და ჩარევების დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი ითვალისწინებს შენობის გარე ქვიშაქვის მთლიანი წყობის შესწავლას, ოთხივე ფასადისა და ყელის რვავე წახნაგის ჩათვლით, მთლიანობაში კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატულ მეტრს.
2018: უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შორის უფლისციხეს უნიკალური ადგილი უკავია. იგი აერთიანებს ინფორმაციას სხვადასხვა ეპოქისა თუ კულტურის შესახებ და წარმოადგენს კლდეში კვეთის უნიკალურ, მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან რომის კულტურის სამყაროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავრცელდა. ნაწილობრივ, აღნიშნული ძეგლი იმავე კატეგორიაშია, რაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი კაპადოკია (თურქეთი), პეტრა (იორდანია), ბამიანის ბუდას ქანდაკებები (ავღანეთი) ან აჯანტას და ელორას კომპლექსები (ინდოეთი). უფლისციხის კომპლექსი დაარსდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველ-მეორე ათასწლეულში და იგი გაცილებით ძველია, ვიდრე ზემოაღნიშნული ანალოგები, რაც ხაზს უსვამს მის საერთაშორისო ღირებულებასა და საქართველოს ეროვნულ სტრატეგიას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოხდეს მისი ნომინირება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრმა მოიპოვა ელჩის ფონდის გრანტი კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დაცვის პროექტის განსახორციელებლად. კომპლექსს საფრთხეს უქმნის ეროზიული პროცესები, სეისმური აქტივობა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. პროექტი ითვალისწინებს კომპლექსური მონიტორინგის სისტემის დანერგვას კრიტიკული უბნების გამოსავლენად და, შესაბამისად, მთის ქანების დაშლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას გრძელვადიანი სტაბილიზაციის მიზნით.
2016: გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეგვტერების და ნართექსის ქვის კონსერვაცია
პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ერთგვარი გაგრძელება იყო და ითვალისწინებდა გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილებში ჩასატარებელ სამუშაოებს. პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მსხვილი გრანტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ღვთისმშობლის ტაძრის ქვის კონსერვაციის დასრულება, კერძოდ, ტაძრის ეგვტერებისა და ნართექსის (მთლიანობაში 615 მ2) და, შესაბამისად, აღმოიფხვრა ქვის წყობასთან დაკავშირებული პრობლემები და, შესაბამისად, მათი არასასურველი ზემოქმედება ტაძრის შიდა სივრცეზე.
2014: XI-XIII საუკუნეების სახარების ყდების დიაგნოსტიკა
ხელნაწერების ეროვნული ცენტრი ხელნაწერების, წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების უმნიშვნელოვანესი საცავია საქართველოში. ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძურები, რომლებიც მანამდე სხვადასხვა სახელმწიფო ბიბლიოთეკასა თუ პირად კოლექციაში ინახებოდა, ცენტრის ჭერქვეშ იქნა თავმოყრილი. კოლექცია მოიცავს შუა საუკუნეების მდიდრულად გაფორმებულ ხელნაწერებს; ოქრო-ვერცხლითა და დაუმუშავებელი ძვირფასი ქვებით მორთულ წიგნის ყდებს; იშვიათ ბეჭდურ გამოცემებსა და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების პირად ბიბლიოთეკებს. ცენტრში დაცულია 49 ხელნაწერი წიგნი ძვირფასი ლითონებით მოჭედილი ყდებით; მათი უმრავლესობა შესრულებულია პერგამენტზე XI-XIII საუკუნეებში. მხოლოდ სამ მათგანს აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი ყდა: კერძოდ, ბერთის, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებებს, რომლებიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში.
ელჩის ფონდის გრანტის ფარგლებში განხორციელდა ბერთის, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებების ლითონით მოჭედილი ყდების დეტალური დიაგნოსტიკა, ასევე, დამატებით, დაცული იქნა და გამოიცა ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები (XI-XIII საუკუნეები).
2014: გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათისა და გუმბათის ყელის მოზაიკის კონსერვაცია
გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა, მრავალი გამორჩეული ფრესკის საგანძურია. გელათი მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მის სიცოცხლეში აგებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობაა. პოლიტიკური, საგანმანათლებლო და რელიგიური მნიშვნელობის გარდა, გელათის სამონასტრო კომპლექსი გამოირჩევა კულტურული, ისტორიული და მხატვრული ღირებულების მქონე ბიზანტიური და შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანული ფრესკებით.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათისა და გუმბათის ყელის ფრესკების კონსერვაცია; აგრეთვე ფრინველების მიერ გამოწვეული დაზიანებების თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომების დაგეგმვას, რაც სპეციალური კონსტრუქციების მეშვეობით მოხერხდა.
2013 – გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია
გელათის მონასტერი მეფე დავით IV აღმაშენებლის მიერ 1106 წელს დაარსდა და საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირშესანიშნაობაა, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. გელათის მონასტერი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წინსვლასა და კულტურულ მიღწევებზე მიუთითებს, რომლებმაც პიკს მიაღწიეს დავით IV აღმაშენებლის მეფობის დროს.
ეს პროექტი კომპლექსის მართვის დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევით დაიწყო 2003 წელს, ხოლო შემდგომ 2012 წელს წმ. მარინეს ეგვტერის ფრესკების კონსერვაციით გაგრძელდა. უკანასკნელი პერიოდის დაფინანსება, რომლის ღირებულება 600 000 აშშ დოლარს შეადგენს, ითვალისწინებს გელათის მონასტრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილების მონტაჟს, ქვის ფილების გაწმენდას, კარნიზების კონსერვაციას, ფანჯრების შემინვას, ქვის ზედაპირზე მცენარეული და ბიოლოგიური დაზიანებების აღმოფხვრას, ტაძრის შიდა სივრცეში არსებული ფრესკების მონიტორინგსა და გადაუდებელ კონსერვაციას. ღვთისმშობლის ტაძრის, სამონასტრო კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ნაგებობის, არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია მონასტრის დაცვასა და მისი შემდგომი წარმატებული მართვისა და მოვლისაკენ გადადგმული ნაბიჯია.
სხვადასხვა პერიოდში აგებული რამდენიმე შენობისგან (ღვთისმშობლის ტაძარი (XII ს), აკადემია (XII ს), წმ. გიორგის ტაძარი (XIII ს) და წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIII ს)) შემდგარი გელათის სამონასტრო კომპლექსი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და საერო არქიტექტურის მრავალფეროვნებას წარმოადგენს. ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპისაა აღმოსავლეთის ფასადზე გამოწეული სამი აფსიდით. ნართექსი, სამხრეთის მინაშენი კარიბჭეთი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკვტერები მოგვიანებით, XII საუკუნეში იქნა მიშენებული, ხოლო ჩრდილოეთის მინაშენი ორი ეკვტერითა და ორი კარიბჭით XIII საუკუნეშია აგებული. მთავარი ტაძრის მრავალშრიანი მოხატულობა სხვადასხვა საშუალებითაა შესრულებული – მოზაიკა და ფრესკები – და XII-XIX საუკუნეებით თარიღდება. მასში თითქმის სრულადაა ასახული ქართული საეკლესიო მხატვრობის განვითარების ისტორია.
კულტურული, საგანმანათლებლო და რელიგიური მნიშვნელობის გარდა, გელათი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა სამარხს, აგრეთვე მრავალი მნიშვნელოვანი ნამუშევრის საცავს, რაც დღეს სამუზეუმო კოლექციებს ამშვენებს.
2012 – გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერის ფრესკების კონსერვაცია
წმ. მარინეს ეგვტარის XV-XVI საუკუნეების ფრესკები, რომლებიც მეტად ღირებულია საქართველოსთვის როგორც ისტორიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით, 2003 წელს ელჩის ფონდის დაფინანსების ფარგლებში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევის თანახმად, სრული განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. პირვანდელი პროექტის გაგრძელებად მიჩნეული ამ ეტაპის მიზანს ადრე შემუშავებული კონსერვაციის გეგმისა და რეკომენდაციების სისრულეში მოყვანა წარმოადგენდა ფრესკების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნების მიზნით. აღნიშნული პროექტი, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა, ითვალისწინებდა რიგი საკონსერვაციო სამუშაოების შესრულებას, კერძოდ, არქიტექტურული სტრუქტურის გადაუდებელ სტაბილიზაციას, ბათქაშისა და ფერწერული ფენების გამაგრებასა და მარილების მოშორებას. საკონსერვაციო სამუშაოებთან ერთად, პროექტი ასევე ითვალისწინებდა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებსაც, რამაც ინიციატივას დამატებითი სოციალური ღირებულება შესძინა.
2010 – მცხეთაში მდებარე არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაცია

1994 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდერეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ბაგინეთის მთაზე განლაგებული არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის ტერიტორიაზე (საქართველოს სამეფოს უძველესი დედაქალაქი) უძველესი ცივილიზაციის არსებობის დასტურია. ქალაქი ბრინჯაოს ხანაში სწრაფად ვითარდებოდა (3000-2000 ძვ.წ.) და საქართველოს სამეფოს დედაქალაქი იყო ძვ.წ. IV ს-დან ახ.წ. VI ს-მდე. მცხეთა როგორც წარმართობის, ასევე ქრისტიანობის აკვანი იყო საქართველოში და დღემდე შეინარჩუნა ქვეყნის რელიგიური ცენტრის ფუნქცია.
XX საუკუნის პირველ ნახევარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი იქნა გვიანი ბრინჯაოს – ადრეული რკინის ხანის (II-IV სს) აკლდამა, დიდგვაროვანთა სამარხები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი, აბანო, კერამიკული საამქრო, ღვინის მარანი, რაც იუნესკოს მიერ შეფასდა როგორც დასტური იმისა, თუ „რაოდენ მაღალი ესთეტიკური და კულტურული დონე იყო მიღწეული ამ უძველეს სამეფოში.“ თუმცა, იმ პერიოდში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები არ აღმოჩნდა მდგრადი ხარისხიანი მასალებისა და შესაბამისი საკონსერვაციო ღონისძიებების არარსებობის გამო.
ელჩის ფონდის პროექტის მეშვეობით მოხერხდა აღნიშნული პრობლემების მოგვარება, რამაც ხელი შეუწყო მცხეთაში მდებარე არმაზისხევის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევების, მათ შორის ძვ.წ. IV ს. დათარიღებული ნანგრევების, კონსერვაციას. სამუშაოები ითვალისწინებდა ტერიტორიის ბარდისგან გაწმენდას, კონსერვაციასა და სტრუქტურულ გამაგრებას, იმ უბნების გადახურვას, სადაც გათხრები მიმდინარეობდა, ვიზიტორებისათვის ბილიკისა და საინფორმაციო მაჩვენებლების მოწყობას. პროექტი უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის დაცვას მომავალი ვიზიტორებისათვის და აძლიერებს მცხეთაში მიღებულ ტურისტულ შთაბეჭდილებებს.
2009 – წმ. გიორგისა და სამების ეკლესიების შენარჩუნება
პროექტი ითვალისწინებს ორი ეკლესიის, კერძოდ, X-XI ს. დათარიღებული არბოში მდებარე წმ. გიორგისა და ტირძნისში მდებარე გვიანდელი შუა საუკუნეების სამების ეკლესიების რეაბილიტაციას. ერთნავიანი არბოს წმ. გიორგის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული და შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ძეგლია. ამის დასტურია აღმოსავლეთ ფასადზე ხარის თავის დიდი გამოსახულება, სადაც გარკვეული პარალელები შეინიშნება ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი და სვეტიცხოველი.
ორივე ეკლესია განლაგებულია შიდა ქართლის წარსულში ბუფერულ ზონაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონად იქცა. აქედან გამომდინარე, ორივე ძეგლი განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ელჩის ფონდის დაფინანსებით ორივე ძეგლს ჩაუტარდა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები და რესტავრირებულმა ეკლესიებმა აღიდგინეს მათი თავდაპირველი ფუნქცია და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქეს.
2009 – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ეთნოგრაფიული ნივთების, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა

პროექტის ძირითადი მიზანი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული რვა ხელნაწერისა და ათი ხატის დაცვა და პრევენციული საკონსერვაციო დამუშავება, აგრეთვე შენახვის პირობების გაუმჯობესება იყო. მუზეუმის კოლექციაში თავმოყრილია კერამიკული, ძვირფასი, საკულტო თუ რელიგიური ნივთები და საბრძოლო იარაღი, ინახება სხვადასხვა მასალა და ისტორიული თემების ეკლესიებში (კალა, იფარი, მულახი, ლატალი და ფარი) შეგროვილი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ნივთები. სვანეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე აქტიური კულტურული და სოციალური ცხოვრება ჩქეფდა ძვ.წ. III ს-ში. პროექტის მეშვეობით, ხელნაწერებსა და ხატებს აღარ ემუქრებათ დაზიანების საფრთხე და მუზეუმი კვლავ გაიხსნა ვიზიტორებისათვის 2013 წლის ივლისში.
2008 – ელინისტური და რომაული დასახლებებისა და სამარხების არქეოლოგიური გათხრები

ხოვლეს დასახლებასა და სამარხს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე კავკასიისთვის. აღნიშნული ტერიტორია, შესაძლოა, ისტორიული არტეფაქტების სამ შრეს შეიცავდეს: ელინისტური, რომაული და შუა საუკუნეების პერიოდებიდან. ამ ობიექტების კვლევისა და დაცვის პრიორიტეტად გამოცხადება განპირობებული იყო ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ინტენსიური მშენებლობებითა და ძარცვით. ამგვარად, აღნიშნული პროექტის მიზანს სოფელ ხოვლეში კლასიკური და შუა საუკუნეების სამარხებისა და ნამოსახლარების დაუყოვნებელი არქეოლოგიური გათხრები წარმოადგენდა.
გარკვეული პარალელები აღინიშნება ამ ტერიტორიაზე და არმაზციხეში აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის, ასევე პიტიახშის სამარხში აღმოჩენილ არტეფაქტებთან, რაც არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ხოვლეს სამარხში დაკრძალული ადამიანი დიდგვაროვანი პირი იყო, რომელიც, შესაძლოა, პიტიახშების ოჯახს მიეკუთვნებოდა. აღნიშნული აღმოჩენა ასევე მიუთითებს, რომ კლასიკურ პერიოდში საქართველოს კულტურული და სავაჭრო კავშირები ჰქონდა ბერძნულ, რომაულ და აღმოსავლეთ სამყაროსთან. არქეოლოგიური ზედაპირული კვლევების შედეგად შეიძლება ახალი ძეგლები გამოვლინდეს, რაც გაამდიდრებს ქართული არქეოლოგიის შესახებ ჩვენ კოლექტიურ ცოდნას.
2007 –თეთრი უდაბნოს ფრესკების შენარჩუნება

თეთრი უდაბნოს მონასტრის, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი მონასტრის, ფრესკების ფრაგმენტები ქართული კედლის მხატვრობის უძველეს და უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენენ. 1996 წელს დავითგარეჯის კვლევითი ცენტრის წევრებმა გარეჯის უდაბნოს დასავლეთ მიდამოებში მცირე ზომის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი აღმოაჩინეს, რომელიც თეთრი უდაბნოს სახელწოდებითაა ცნობილი. დღეისათვის სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ რამდენიმე ქვაბულია შემორჩენილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მასიურ კონუსური ფორმის კლდეში ნაკვეთი ორი ტაძარია. პირველად სწორედ ამ ერთ-ერთი ტაძრის საკურთხეველში შესრულდა კედლის მხატვრობა. კედლის მოხატულობაში გარკვეული პარალელები შეინიშნება ადრეულ შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში გავრცელებულ აღმოსავლეთ ქრისტიანულ მხატვრობასთან.
აღნიშნული მონასტრის ფრესკების შესანარჩუნებლად, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ელჩის ფონდის დაფინანსება მიიღო. პროექტი ითვალისწინებდა VII და VIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების ფრაგმენტების კვლევას, აღრიცხვასა და რესტავრაციას. მოხერხდა ფრესკების ფრაგმენტების შემდგომი დაზიანებისაგან დაცვა და ხელახალი აწყობა, შესაძლებელი გახდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მათი საჯაროდ გამოფენა.
2006 – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნაქარგი კოლექციების შენარჩუნება, სა

პროექტი მიზნად ისახავდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნაქარგი კოლექციისათვის შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფას. აღნიშნული კოლექცია მოიცავს XIX საუკუნის ქსოვილებს, რომლებიც მოქარგულია ოქრო-ვერცხლითა და გაწყობილია ძვირფასი ქვებით. კოლექცია 5 000-ზე მეტ ქსოვილს ითვლის, საეკლესიო და საგვარეულო ქსოვილის ჩათვლით, ძირითადად საქართველოდან, მაგრამ სპარსული და ბიზანტიური წარმოშობის ქსოვილებიც გვხვდება. კოლექციას ისტორიულ ღირებულებას ის ფაქტიც მატებს, რომ მათი უმრავლესობა შესრულებულია ან შემოწირულია ისტორიული პიროვნებების მიერ (დედოფლები, მეფის ასულები და კეთილშობილი ქალები). პროექტი ითვალისწინებდა ინვენტარის გაციფრულებას და საკონსერვაციო სამუშაოებს, აგრეთვე განთავსდა 2006/2007 წლის ელჩის ფონდის ყოველწლიური ანგარიშის წინა და უკანა ყდებზე.
2006 – თბილისის ისტორიული ცენტრის შენარჩუნება

ევროპასა და აზიას შორის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისი მდიდარია არქიტექტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. ქალაქის ძველ უბანში, ნარიყალაში აღმოსავლურ ტრადიციებში აგებული აბანოები და ქარვასლა გვერდიგვერდაა მოთავსებული გოთიკურ სტილში აგებულ კათოლიკურ ეკლესიებთან, ლათინური ტაძრების ნანგრევებთან, ევროპული ბაროკოს, რენესანსისა და თანამედროვე შენობებთან, თბილისურ არქიტექტურასთან. ასეთი მრავალფეროვანი მემკვიდრეობის გამო, თბილისის ისტორიული ნაწილი ნომინირებულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში როგორც ურბანული მემკვიდრეობის ძეგლი.
აღნიშნული პროექტი თბილისის ისტორიული ცენტრის დაცვის ხელშეწყობას ითვალისწინებდა, რისთვისაც ისტორიული ძეგლების მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რაც მუნიციპალიტეტს ურბანული დაგეგმარების პროცესში დაეხმარებოდა. მრავალი ისტორიული შენობა დემონტაჟისა და მათ ადგილას ახალი შენობის მშენებლობის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. პროექტის ნაწილი ფოკუსირებული იყო შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე, ტურისტებისათვის საინფორმაციო მასალის მომზადებაზე. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებდა ნარიყალას ფარგლებში თბილისის პანორამული კულტურულ-ისტორიული მარშრუტის შექმნას, თბილისის კულტურულ-ისტორიული ძეგლების შესახებ ვებგვერდის შექმნას და მარშრუტის შესახებ ბროშურების, სახელმძღვანელოების, რუკებისა და საინფორმაციო ფურცლების გამოქვეყნებას.
2005 – XI-XVI საუკუნეების ქართული ისტორიული დოკუმენტების გაციფრულება

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოში ისტორიული ხელნაწერებისა და დოკუმენტების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია. მასში თავმოყრილია V-XIX საუკუნეების 9 000-მდე ქართული ხელნაწერი და 4 000-მდე ხელნაწერი რუსულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ, არაბულ, სირიულ და ძველებრაულ ენებზე. ელჩის ფონდმა დააფინანსა აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების გაციფრულებისა და მათი მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტი, რაც შესაძლებელს გახდის მათ გამოყენებას ორიგინალი დოკუმენტების დაზიანების გარეშე.
კოლექცია აგრეთვე მოიცავს XI-XVI საუკუნეების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, თეოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის 300-ზე მეტ ხელნაწერს – XI-XV საუკუნეების პერიოდი, როდესაც საქართველო ერთიან სამეფოს წარმოადგენდა, და XV-XVI საუკუნეების გარდამავალი პერიოდი, როდესაც საქართველოში ერთიანმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
2004 – ატენის სიონის ტაძრის კონსერვაცია

VII საუკუნეში აგებული ატენის სიონის ტაძარი ადრეული ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიდა სივრცეში არსებული ფრესკები, თავისი იკონოგრაფიული და სტილისტური ხასიათით, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს განძს წარმოადგენს. ტაძრის არქიტექტურის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებისათვის, კერძოდ, VII საუკუნის არქიტექტურისა და XI საუკუნის ფრესკების შესანარჩუნებლად ელჩის ფონდის შესაბამისი თანხები გამოყო.
2003 – გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევა

პროექტი მიზნად ისახავდა გელათის სამონასტრო კომპლექსის, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტრის, ფრესკების დიაგნოსტიკურ კვლევას სარესტავრაციო საჭიროებების დასადგენად. XII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების კვლევა და დაზიანებათა დამუშავების დაგეგმვა, მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა მკრთალი შეფერილობა, სოკოვანი დაავადებები და მარილების კრისტალიზაცია ფრესკების ზედაპირზე. გელათის სამონასტრო კომპლექსის უმნიშვნელოვანესი მხატვრული და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
2001 – არქივებში არსებული ქართული ფოლკლორული მუსიკის ჩანაწერების დაცვა

პროექტის მთავარი მიზანი 1928 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ქართული ფოლკლორული სიმღერების ჩანაწერების შეგროვება იყო. აღნიშნული ჩანაწერები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა არქივში იყო შემონახული, განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა ადვილად დაზიანებადი აუდიო-ვიზუალური მასალის გამო. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმინაობა არქივებში დაცული ქართული ხალხური მუსიკის ჩანაწერების გაკეთებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუსიკალური ბიბლიოთეკებისთვის, მუსიკალური სკოლებისთვისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის კომპაქტ-დისკების გამოშვებას ითვალისწინებდა.