ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის ინოვაციების კონკურსზე (26 ოქტომბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის ინოვაციების კონკურსზე (26 ოქტომბერი)

 

შეკითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადეთ ათასწლეულის ინოვაციების რიგით მეექვსე ყოველწლიური კონკურსი განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძესა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელ, მაგდა მაღრაძესთან ერთად, ასევე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან და კოლეგებთან კერძო და საჯარო სექტორიდან. აღნიშნული კონკურსი არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, განავითარონ საკუთარი უნარები სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში პრიზების მოსაგებად, გახდნენ წამყვანი სპეციალისტები ინოვაციების განვითარებაში და შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მეცნიერებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში. დიდი სიხარულით მინდა წავახალისო 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდები, მონაწილეობა მიიღონ წლევანდელ კონკურსში.

შეკითხვა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მიიჩნევს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის დასრულება ამერიკული ინვესტიციით და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

შეკითხვა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს შეშფოთებას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან ვითარების ესკალაციაზე. ჩვენთვის შემაშფოთებელია რუსული ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრების დაკავება. აღნიშნული მიუღებელია, რამდენადაც მონიტორები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს მანდატის ფარგლებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, გამოიყენონ ყველა არსებული მექანიზმი, რათა შეწყდეს მსგავსი ტიპის ქმედებები და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია ჩორჩანას ტყის ტერიტორიაზე.