ელჩი კელის კომენტარები მედიას „შულც გლობალ ინვესტმენტსა“ და საქართველოს საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე (17

შეკითხვა ხელმოწერის ცერემონიის მნიშვნელობაზე

ელჩი კელი: ჩემთვის ნამდვილად პატივია ამ ცერემონიაში მონაწილეობა. შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს ამ პროექტს. მოხარულნი ვართ, რომ საპარტნიორო ფონდმა ხუთი მილიონი დოლარი გამოყო ამ პროექტისათვის, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიზეზებით. ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება – ეს [შულცის ასმილიონიანი, კავკასიის განახლებადი ენერგეტიკული ფონდის გახსნა საქართველოში], ამ მიზანს დაეხმარება. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ეს გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საუბარია ჰიდროელექტრო ენერგიაზე, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროა. ასე, რომ ეს მომგებიანია ყველასათვის.

შეკითხვა NDI-ს მიერ საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებასა და გამოწვევებზე

ელჩი კელი: არ მინახავს NDI-ს შეფასება; [ჯერ] არ მქონდა საშუალება გავცნობოდი. მაგრამ, საერთოდ ვიტყოდი, რომ ვფიქრობ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს აქვს იგივე ინტერესები, რაც ­­ ჩვენ [შეერთებულ შტატებს] და ეს არის ის, რომ ჩვენ გვსურს ისეთი არჩევნების ხილვა, რომელიც სრულად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. და იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატეთ შეშფოთება ძალადობის რამდენიმე ინციდენტზე, რომელიც ზუგდიდთან ახლოს მოხდა. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მედია პლურალიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემაზე რუსთავი-2-თან დაკავშირებით. მაგრამ, საერთო ჯამში, ვფიქრობ, ეს არის ის სფეროები, რომლებშიც ჩვენ საერთო ინტერესს ვიზიარებთ – „ჩვენ“-ში ვგულისხმობ საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს. ვფიქრობ, რომ სავსებით მიზანშეწონილია იმ პრობლემებზე მითითება, რომელიც შესაძლოა მომდევნო ოთხ-ხუთ თვეში  გამოჩნდეს.

შეკითხვა რუსთავი-2-ის საქმესა და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოებაზე

ელჩი კელი: სააპელაციო პროცესზე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩემი მხრიდან ეს მართებული არ იქნებოდა. მსურს ხაზი გავუსვა და კიდევ ერთხელ განვაცხადო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას [საქართველოში] ჰქონდეს წვდომა მედიაზე და, რა თქმა უნდა, აქ რუსთავი-2 ოპოზიციისათვის მნიშვნელოვანი მედია საშუალებაა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ გვსურს, რომ წინასაარჩევნო გარემო დაზარალდეს და მოწინავე ოპოზიციური ტელევიზიის მფლობელობისა თუ მმართველობის შეცვლა წინასაარჩევნო გარემოს დააზარალებს.