ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან ხომალდ Donald Cook-ის ვიზიტისას (22 იანვარი)

ელჩი უილსონის კომენტარი მედიასთან ხომალდ Donald Cook-ის ვიზიტისას.

კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ Donald Cook DDG 75 ოფიციალური ვიზიტის შესახებ.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ აქ ყოფნით, ეს ჩემი პირველი ვიზიტია ბათუმში. სამწუხაროდ, დღეს კარგი ამინდი არ არის, თუმცა, იმედია ხვალ უკეთესი იქნება.  ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ბათუმში დავხვდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს Donald Cook-ს და მივესალმო მის მეთაურსა და ეკიპაჟს. ასევე, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენთან არიან თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩიქოვანი და საქართველოს მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები. მინისტრი და მისი გუნდი საქართველოს სამხედრო სისტემის მოდერნიზაციის ამბიციურ გეგმას მიუყვებიან, რათა ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა უკეთ შეძლოს. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ამ ძალისხმევას და ხომალდის ვიზიტიც ამის დასტურია. Donald Cook-ის აქ ყოფნა არის შავ ზღვაში ამერიკის ინტერესების, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და, განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ მნიშვნელოვან პერიოდში მხარდაჭერის გამოხატულება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, აჭარის ხელისუფლებასა და, რა თქმა უნდა, ბათუმის მაცხოვრებლებს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობით ჩვენი ქვეყნების სიკეთისთვის გადაიდგა.

კითხვა აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეწყვეტის შესახებ – რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მთავრობის მუშაობის შეწყვეტა, ჩემი აზრით, განპირობებულია არჩეული თანამდებობის პირთა შორის კონფლიქტით, ვისაც სჯერა, რომ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს ემსახურება.

მათ მოუწევთ ამ კამათში საერთო გამოსავლის პოვნა. პოლიტიკური პროცესები ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს და ახლა რთულია იმის თქმა თუ როდის და როგორ დასრულდება ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეზღუდულები ვართ ქმედებებში. მიხარია, რომ ვმონაწილეობ ამ ხომალდის ვიზიტის აღსანიშნ ღონისძიებაში და შემიძლია ხაზი გავუსვა მის მნიშვნელობას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში.

კითხვა ადმინისტრაციულ საზღვართან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, რომელიც ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დე ფაქტო მთავრობა კი ამ შეზღუდვას ქვეყანაში წითელას გავრცელების რისკებით ამართლებს

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზვრებში. ჩვენ არ ვცნობთ და არ ვთანამშრომლობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრედ წოდებულ ოფიციალურ პირებთან. ჩვენ ვწუხვართ, რომ მათ ეს ნაბიჯები გადადგეს. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც ბევრ ადამიანს ეხება. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში შეიცვლება.

კითხვა ანაკლიის საზღვაო პორტის კონსორციუმის წევრის, ბანკირი მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი:  ვფიქრობ, რომ მთავარია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს. ამ პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს ჩვენი “კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია”(OPIC). ამერიკული დაფინანსება შეიძლება „რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკის“ (EBRD) გავლითაც მოხდეს, რომელშიც ჩვენ აქციების დაახლოებით 30%-ს ვფლობთ. რაც შეეხება [ანაკლიის კონსორციუმის] წევრი ბანკის საქმეს, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ანაკლიის პროექტზე და ასევე იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა წარმატებით იმუშაონ ამ ქვეყანაში. ეს ორი პრინციპი განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებსა და მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას მომავალ დღეებსა და კვირებში.

კითხვა იმის შესახებ, თუ როდის უნდა ელოდოს ამერიკის ახალ ელჩს საქართველო

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი:  როგორც ვიცი, ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს საქართველოში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი ელჩის კანდიდატურის შერჩევაზე. არ შემიძლია ვთქვა რა ეტაპზეა შერჩევის პროცესი და არ ვიცი რამდენ ხანში მოხდება ეს. ცხადია, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს წარმომადგენლობას საქართველოში და, სწორედ, ამიტომაც მთხოვეს აქ ჩამოვსულიყავი.