დღეს, მე-10 ყოველწლიური კონფერენციის „ქალები პოლიციაში“ გახსნის ცერემონიას, საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან და ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწესთან ტოდ რობინსონთან ერთად იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ. ყოველწლიურად, 2012 წლიდან მოყოლებული, აშშ-ს საელჩოს INL-ის ოფისი, IOM-ის მხარდაჭერით, აწყობს კონფერენციას, რომელიც აერთიანებს ქალ სამართალდამცავებს ევროპიდან და აზიიდან გამოცდილების გასაზიარებლად და ახალი უნარების შესასწავლად.
წელს კონფერენციაზე შეიკრიბა 220-ზე მეტი ქალი პოლიციელი ევროპისა და აზიის 20 ქვეყნიდან, რაც კონფერენციის არსებობის 10-წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალია რიცხვია მონაწილე ქვეყნების თვალსაზრისით. კონფერენცია უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მონაწილეებს განიხილონ არა მხოლოდ ლიდერობასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც სპეციფიკურია ქალი სამართალდამცავებისთვის და ის, თუ როგორ გაზარდონ ქალების ჩართულობა სამართალდამცავი სფეროს ყველა დონეზე, არამედ ასევე გაეცნონ სამართლის სფეროს არსებით საკითხებს. წლევანდელი სესიები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანებით ვაჭრობა, ნარკო-დანაშაულის გამოძიება, გენდერული ნიშნით ძალადობა, ბავშვებზე ძალადობა, კორუფციასთან ბრძოლა, ციფრული მტკიცებულებები, კიბერდანაშაული, სასჯელაღსრულება და პრობაციის პროგრამები.