როს უილსონის კომენტარი მედიასთან USS Ross-ის მიღების ცერემონიალზე (23 აპრილი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან USS Ross-ის მიღების ცერემონიალზე (23 აპრილი)

 

კითხვა გემის ვიზიტთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს აშშ-ის სამხედრო ხომალდის USS Ross-ის შემოსვლა ბათუმში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ეს გემი აქ არის. ეს არის ამერიკული საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი რეგულარული ვიზიტი შავ ზღვაში. წელს უკვე მეორე გემი გვესტუმრა, თუმცა ჯერ მხოლოდ აპრილია. გემების ვიზიტები არის ჩვენი თანამშრომლობის გამოხატულება და ემსახურება ამ რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას. ეს ვიზიტები განსაკუთრებით წარმოაჩენს ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კითხვა: როგორ შეაფასებთ აჭარის ტელევიზიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც სამეთვალყურეო საბჭომ დირექტორი გადააყენა? უქმნის თუ არა ეს საფრთხეს მედიის თავისუფლებას საქართველოში?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მე თვალს ვადევნებდი ამ მოვლენებს და ჩემი თანამშრომლებიც მაწვდიდნენ ინფორმაციას. ცხადია, არსებობს საკითხები რაშიც სრულად კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ სანდოობას, რომელიც აჭარის ტელევიზიას აქვს არაერთი შეფასების მიხედვით, მაგალითად, როგორიც იყო საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის ნეიტრალური გაშუქება. ჩემი აზრით, ეს რეპუტაცია და სანდოობა იქნება უმნიშვნელოვანესი წინსვლის შესანარჩუნებლად და ჩვენც დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას.

კითხვა: USS Ross-ს შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო გემი აეკიდა, დაადასტურებთ ამ ფაქტს და რა საფრთხეს ხედავს რუსეთი?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ვფიქრობ რისი თქმაც შემიძლია არის შემდეგი, ეს არის რუსული ფლოტის ჩვეული პრაქტიკა, რომ აედევნოს და თვალი ადევნოს ამერიკისა თუ სხვა მოკავშირეების სამხედრო ფლოტის გემებს შავ ზღვაში. იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეს ხედავს რუსეთი და რა მიზნები ამოძრავებთ, ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო კანონის ფარგლებში. გვჯერა, რომ ჩვენი ქმედებები ხელს უწყობს ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან მუშაობის გაუმჯობესებას. ველით, რომ სხვა ქვეყნებმა მიიღონ ეს ფაქტი.

კითხვა: როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის ქმედებებს პანკისის ხეობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისას?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებდით პანკისში განვითარებულ მოვლენებს. ცხადია, არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ქართველები გამოთქვამენ უკმაყოფილებას თუ რა მოხდა. ჩახლართული სიტუაციაა. რეგიონს ესაჭიროება ეკონომიკური განვითარება. ამ ეკონომიკური განვითარებისათვის კი ენერგო რესურსებია საჭირო, რის სწორად მართვაზეც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია როგორც მთავრობას, ისე კერძო სექტორს. მეორეს მხრივ, აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან სრული კონსესუსის საფუძველზე მოხდეს ყველა ქმედება და სწორედ ამ მხრივ არის ურთიერთობა გასაუმჯობესებელი. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას. გვაქვს მაღალი ნდობა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელ ქვეყანაში, მათ შორის პანკისში.

კითხვა სასამართლო რეფორმის შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და ჩვენ სასამართლო სისტემის რეფორმას უამრავი წლის განმავლობაში ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებდით. ჩვენი აზრით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რათა ჰქონდეთ მეტი რწმენა და ნდობა საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ზუსტად ამ მიზეზით, ჩვენ ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტით, რომელშიც ადეკვატურად არ არის ასახული და გათვალისწინებული აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოსა და ვენეციის კომისიის მიერ შედგენილი რეკომენდაციები. იმედი გვაქვს, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება მომავალში მოხდება და რა თქმა უნდა, როგორი კანონმდებლობაც არ უნდა მივიღოთ საბოლოოდ, იმედია იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამჭვირვალედ და ღიად შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ კანდიდატების სიღრმისეულ და კრიტიკულ შესწავლას, რათა ქვეყანამ მიიღოს ისეთი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, როგორიც აუცილებელია ეფექტური დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის.