ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

2017 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“. ეს არის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კონგრესის წინაშე წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს პრეზიდენტის ხედვას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ეს ანგარიში საფუძვლად დაედება მომდევნო სტრატეგიულ დოკუმენტებს, როგორიც არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის „ეროვნული თავდაცვის სტრატეგია“. 2017 წლის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“ ეფუძნება ოთხ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს:

1) სამშობლოს, ამერიკელი ხალხისა და ამერიკული ცხოვრების წესის დაცვა

2) ამერიკის კეთილდღეობის ზრდა

3) სიმტკიცით მშვიდობის შენარჩუნება

4) ამერიკის გავლენის გაზრდა

„ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“ საუბარია საქართველოზეც:

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნიზმის საშიშროება წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სიმტკიცე ახალი საფრთხეების წინაშე დგას. რუსეთი მიმართავს მავნებლურ ზომებს, რათა ეჭვქვეშ დააყენოს ამერიკის ერთგულება ევროპის მიმართ, ძირი გამოუთხაროს ტრანსატლანტიკურ ერთიანობას და შეასუსტოს ევროპული ინსტიტუტები და მთავრობები. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ სურს დაარღვიოს ამ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი. რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების დაშინებას ისეთი საფრთხის შემცველი ქმედებებით, როგორიც არის ბირთვული იარაღით პოზიცირება და შეტევითი ხასიათის შეიარაღების განთავსება.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადება ტრამპის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე“

“ამერიკის შეერთებულ შტატები 21-ე საუკუნის გლობალურ გარემოში შექმნილი არატრადიციული საფრთხეების წინაშე დგას, რომელიც მომდინარეობს არასახელმწიფო აქტორებისაგან. ამავდროულად, ტრადიციული სახელმწიფო აქტორები ჩვენს ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას გამოწვევებს უქმნიან. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ იმ საფრთხეების მიმართ, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ხალხსა და ჩვენი ცხოვრების წესს, იქნება ეს ბირთვული აირაღის მაძიებელი მავნე ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, თუ ტერორისტებისგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებენ, ან კიბერ-დამნაშავეებისგან, რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებას და მოშლას ცდილობენ.

პრეზიდენტ ტრამპის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“ ასახავს ამერიკის სიძლიერის ყველა იმ ასპექტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის დაცვას, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნასა და ჩვენი ინტერესებისა და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას. [აშშ-ის] სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სტრატეგიას სხვა ფედერალურ სააგენტოებთან, მსოფლიო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ახლო თანამშრომლობით განახორციელებს.