2023 წლის საინვესტიციო გარემოს შეფასება
რეზიუმე
დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. მართალია, იგი არ არის დაცული გლობალური და რეგიონული შოკების ზემოქმედებისაგან, 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი ხუთ პროცენტს აჭარბებდა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები გლობალური ბიზნესის, სახელმწიფო მმართველობის, კორუფციის დონისა და სხვა სახის რეიტინგებში სტაბილურად იზრდებოდა. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ ოცდამეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში მან 45-ე ადგილი დაიკავა. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია მცირე დეფიციტზე, ინფლაციის დაბალ დონესა და რეალურ მცურავ გაცვლით კურსზე. COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა ქვეყნის ფულად ერთეულსა და ადგილობრივ ეკონომიკაზე, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს ექვსი პროცენტით შემცირდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს კვლავ გააქტიურდა და 10,4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, ხოლო 2022 წელს გაგრძელდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღება 10,2 პროცენტიანი ზრდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ამგვარ მტკიცე ეკონომიკურ შედეგებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ომით გამოწვეული იმიგრაციის მკვეთრად მომატებულ დონეს, გაზრდილ ფულად ნაკადებსა და საქართველოს გავლით ტრანზიტულ ვაჭრობას უკავშირებს. აღნიშნულმა ფაქტორებმა აგრეთვე განაპირობეს ფისკალური შემოსავლების ზრდა, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება და ლარის გამყარება, ასევე რეზერვების დაგროვების ხელშეწყობა. ინფლაციის დონე კვლავ მომატებულია, რაც საქონელზე მაღალ ფასებსა და ძლიერ შიდა მოთხოვნას ასახავს. 2023 წელს მოსალოდნელია ზომიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის დონე ფულადი სახსრების შემოსვლის შემცირების, გლობალურად ნაკლებად ხელსაყრელი ეკონომიკური და ფინანსური პირობების გამო და შემცირებული ფინანსური დეფიციტისა და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის შედეგად.
მთლიანობაში ბიზნესის და საინვესტიციო გარემო ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. ამავე დროს, სასამართლო სექტორის მიმართ სულ უფრო კლებულობს ნდობა, რომ იგი შესძლებს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად გადაწყვეტას, რადგან ბიზნესთან დაკავშირებული ზოგიერთი საქმის განხილვა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ხოლო ზოგიერთი სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობას, საავტორო უფლებების აღსრულების მხრივ არსებულ ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, კანონებისა და მარეგულირებელი კანონების, მათ შორის ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონების, შერჩევით აღსრულებასა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით.
1994 წელს აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი პროდუქცია საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული რეჟიმით შეიტანოს.
საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადა უშუალოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია და რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით დასრულდა. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები დაიკავა. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აღნიშნული რეგიონები და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს არ სცნობს დამოუკიდებელ ერთეულებად. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს.
ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული დარგებია, რადგან საქართველო ცდილობს სარგებელი მიიღოს მისი ტერიტორიის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობის შედეგად. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთმა გაზარდა საქართველოს ტრანზიტული პერსპექტივები და საქართველოს მთავრობა ცდილობს ვაჭრობის გაზრდის სხვა გზებიც მოიძიოს. საქართველო დიდი ხანია მიზნად ისახავს შავ ზღვაზე მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის კაპიტალიზაცია მოახდინოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საქონლისა და ელექტრო ენერგიის სატრანზიტო და სავაჭრო დერეფნად გადაქცევის გზით. ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ბოლო დროს ტვირთების ზრდა განაპირობა ამ „შუა დერეფანში“, რადგან ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთის გავლით ამჟამად უფრო სარისკოდ მიიჩნევა. თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერის გამოცხადების გეგმების შესახებ განაცხადა (რაც ადრე მთავრობის მიერ იქნა გაუქმებული 2020 წელს).
კერძო სექტორი განაგრძობს პორტებისა და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას ტვირთების მოზიდვის მიზნით. ფოთსა და ბათუმში ლოგისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა პორტების განვითარება და გაფართოება დაიწყეს. 2020 წელს საქართველოს ყველაზე დიდი პორტის, შავ ზღვაზე მდებარე ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გეგმების შესახებ განაცხადა. 2021 წელს ლოგისტიკის კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტები ბათუმისა და ფოთის პორტებში.
ცხრილი 1: ძირითადი მაჩვენებლები და რეიტინგები
კრიტერიუმი | წელი | ინდექსი/ადგილი | ვებ-გვერდის მისამართი |
TI-ის კორუფციის აღქმის ინდექსი | 2022 | 56/41 | http://www.transparency.org/research/cpi/overview |
გლობალური ინოვაციების ინდექსი | 2022 | 27.9/74 | https://www.globalinnovationindex.org/analysis-indicator |
აშშ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პარტნიორ ქვეყანაში ($M USD, ისტორიული საფონდო პოზიციები) | 2021 | 16 მილიონი აშშ დოლარი | https://apps.bea.gov/international/factsheet |
მსოფლიო ბანკის მეშ ერთ სულ მოსახლეზე | 2021 | USD 4,700 | http://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.PCAP.CD |
1. უცხოური ინვესტიციების მიღებისადმი გახსნილობა და შეზღუდვები
საქართველო გახსნილია უცხოური ინვესტიციებისათვის. ქვეყნის კანონმდებლობით ხელსაყრელი პირობებია განსაზღვრული უცხოური ინვესტიციებისათვის, მაგრამ უცხოელი ინვესტორების მიმართ კანონმდებლობა პრეფერენციულ მოპყრობას არ ითვალისწინებს. კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ უცხოელ ინვესტორებს ათი წლის ვადით იცავს მათი ინვესტიციებისათვის პირობების შემცვლელი კანონმდებლობის ზემოქმედებისაგან. ინვესტიციების ხელშეწყობის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „აწარმოე საქართველოში“, ინვესტიციების მიმართულებას აქვს. ინვესტიციების მიმართულების ძირითადი ფუნქცია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარებაა. ამ მიზნით იგი ერთგვარ მედიატორის როლს ასრულებს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, უზრუნველყოფს განახლებულ ინფორმაციაზე წვდომასა და კომუნიკაციას სამთავრობო უწყებებთან, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“, რითაც ინვესტორების მხარდაჭერას ახორციელებს მთელი საინვესტიციო პროცესის განმავლობაში. (http://www.enterprisegeorgia.gov.ge/en/about). სსიპ „აწარმოე საქართველოში“ უცხოელ ინვესტორებს ასევე სთავაზობს ინფორმაციას ვებ-გვერდზე: www.investingeorgia.org.
2015 წლიდან მოქმედი საქართველოს ინვესტორთა საბჭო საკონსულტაციო ორგანოა, რომლის მიზანია კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს საქმიანობისა და საინვესტიციო კლიმატის ჩამოსაყალიბებლად (http://ics.ge). ბიზნეს ომბუდსმენი, რომელიც ინვესტორთა საბჭოს წევრია, საქართველოში ინვესტორთა უფლებების დაცვის კიდევ ერთი რგოლია (http://businessombudsman.ge).
„ბლუმბერგის“ 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შესახებ წლიური გლობალური კვლევის მიხედვით, „საქართველო წარმოჩინდება როგორც პოპულარული საინვესტიციო ქვეყანა, რომელსაც მე-13 ადგილი უკავია საინვესტიციო მიმზიდველობის მიხედვით მსხვილი, გლობალური ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებში, რომელთა შორისაა აშშ, ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო. კვლევის მონაცემების მიხედვით, საქართველოთი დაინტერესებულ ინვესტორთა 70 პროცენტი, ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ – ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 55%-იან გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ წამყვან პირებს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები უფრო მეტად ესმით. საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისათვის ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ახალ ბაზრებზე შესვლას, მომარაგების საკვანძო ადგილობრივი ჯაჭვებისა და ბიზნესის მხარდამჭერი მომსახურებების ჩამოყალიბებას, ასევე ახალი კომერციული ობიექტების აგებასა და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის შექმნას.
საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა კარიბჭეა იმ ინვესტორებისათვის, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფით არიან დაინტერესებულნი. საქართველოს მთავრობა სტიმულს აძლევს საინფორმაციო ტექნოლოგიების და ბიზნესის მომსახურებების კომპანიებს ინვესტირებისას ფულადი სახსრების ნაწილის დაბრუნების პოლიტიკის განხორციელების გზით. საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს ასევე შეუძლიათ მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის“ საგადასახადო კოდი, რომელიც მათ საშემოსავლო გადასახადსა და მოგების გადასახადს 5 %-მდე ამცირებს ექსპორტის შემთხვევაში.