საქართველოში მშვიდობის კორპუსის 68 ახალი მოხალისე ჩამოდის (16 აპრილი)

საქართველოში მშვიდობის კორპუსის 68 ახალი მოხალისე ჩამოდის (16 აპრილი)

 

17 აპრილს თბილისში ჩამოვა მშვიდობის კორპუსის 68 ამერიკელი მოხალისე, რომელიც საქართველოში 2 წლით დარჩება. მოხალისეთა აღნიშნული ჯგუფი რიგით მეთვრამეტე იქნება, რომელიც საქართველოში 2001 წლიდან მსახურობს. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, მშვიდობის კორპუსის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ, კარმენ შიჰანთან ერთად, მოხალისეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდება და დაესწრება მიღების ცერემონიას.

სამსახურის დაწყებამდე, მოხალისეები გაივლიან ინტენსიურ 11-კვირიან წინასამსახურეობრივ ტრეინინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის, კულტურისა და პროექტთან დაკავშირებული უნარების შესწავლას. ამ პერიოდის განმავლობაში, მოხალისეებს ქართული ოჯახები უმასპინძლებენ, რაც საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. ტრეინინგის დასრულებისთანავე, მოხალისეები საქართველოს თერთმეტი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში ორი წლით განაწილდებიან.

განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს სოფლებში, მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებსა და ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველ თემებში ანაწილებს. მოხალისეთა ძირითადი საქმიანობა იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება. მოხალისეთა გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებში თემის განვითარების ხელშესაწყობად იმუშავებს.

2001 წელს პირველი ჯგუფის ჩამოსვლიდან, საქართველოში უკვე 815-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. მათ თავიანთი უნარები ქართველ კოლეგებსა და თემებს, ხოლო ამერიკული კულტურა საქართველოს მოქალაქეებს გაუზიარეს. თავის მხრივ კი, შინ დაბრუნების შემდგომ ქართული კულტურის შესახებ ცნობები ამერიკაში ჩაიტანეს. ეწვიეთ საქართველოში მშვიდობის კორპუსის Facebook-ის გვერდს და გაეცანით საქართველოს განვითარებაში მოხალისეთა შეტანილ წვლილს.

პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად. მშვიდობის კორპუსი არის ამერიკის მთავრობის სააგენტო, რომელიც საქართველოში მთავრობის მოწვევის საფუძველზე მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშვიდობის კორპუსის მთავარი პარტნიორია.