ელჩმა კელიმ საქართველოს ადმინისტრაციული სასაზვრო ზოლის ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიას მოქმედი გადასასვლელები მოინახულა (26 იანვარი)

ელჩმა კელიმ საქართველოს ადმინისტრაციული სასაზვრო ზოლის ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიას მოქმედი გადასასვლელები მოინახულა (26 იანვარი)

აშშ-ის საელჩო ღრმად არის შეშფოთებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული კონტროლირებადი ე.წ. ]გამშვები პუნქტების სავარაუდო დახურვით. „დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საველე ოფისში დავესწარი ბრიფინგს და მოვინახულე ნაბაკევი-ხურჩასა და ორსანტია-ოტობაიას პუნქტები, რათა პირადად გავცნობოდი ვითარებას ადგილზე. ამ მოქმედი გადასასვლელების დაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო შეუზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო წყაროს, ასევე, გავლენას იქონიებს სკოლის მოსწავლეებსა და პაციენტებზე, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ. ჩვენ მოვუწოდებთ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, გადახედოს გადაწყვეტილებას გამშვები პუნქტების სავარაუდო დახურვის შესახებ და ადგილობრივ მოქალაქეებს მისცეს თავისუფალი გადაადგილებისა და საჭირო სერვისებზე წვდომის საშუალება.“ – ელჩი კელი.

ელჩის კომენტარი მედიასთან

კითხვა ვიზიტისა და მოქმედი გადასასვლელების სავარაუდო დახურვის შესახებ

ელჩი კელი: უპირველეს ყოვლისა, მადლობა რომ ამ წვიმაში მოხვედით. მე აქ ვარ იმისათვის, რომ გამოვხატო ჩემი და ამერიკის საელჩოს შეშფოთება ამ პატარა მდინარის მეორე მხარეს მყოფი დე-ფაქტო მთავრობის განცხადების შესახებ.

კითხვა იმის შესახებ თუ არსებობს იძულების მექანიზმები რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს და ვის ესაუბრა ელჩი ამ საკითხთან დაკავშირებით

ელჩი კელი: პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ ჩვენ არ მიგვაჩნია რომ აქ არის რაიმე სახის ზოლი რომელსაც კონტროლი სჭირდება. ჩვენ ვცნობთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. აქ არ უნდა იყოს არანაირი ე.წ.  გამშვები პუნქტები, არამედ აქ უნდა ხდებოდეს ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი მიმოსვლა იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე, რომ აქ არ არის საზღვარი რომელსაც კონტროლი სჭირდება. მოდი ძალიან ცხადად ვთქვათ: ეს გავლენას იქონიებს ათასობით ადამიანის კეთილდღეობასა და საარსებო წყაროზე, მითუმეტეს რომ ზოგიერთი მათგანი ამ მდინარის მიღმა მცხოვრები სოციალურად დაუცველია. ჩვენ ვსაუბრობთ მოსწავლეებზე, რომლებსაც მოქმედი გადასასვლელის ჩაკეტვის შემთხვევაში სკოლაში წასასვლელად ავტობუსით 50 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა მოუწევთ; ჩვენ ვსაუბრობთ მოხუცებზე, რომლებიც ამ გზას სამედიცინო დახმარების მისაღებად იყენებენ; ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახებზე, რომლებსაც საყვარელი ადამიანების ნახვა უნდათ დასაფლავებასა თუ ქორწილში, და ეს არის ძალიან, ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება მექანიზმებსა და ბერკეტებს, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და აქაც იმიტომ ვიმყოფები რომ ამის შესახებ საჯაროდ ვისაუბრო. ამ საკითხს აუცილებლად წამოვწევთ ჟენევის საერთაშორისო შეხვედრებზე.

კითხვა იმის შესახებ თუ შეხვდა ელჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და განიხილა სავარაუდო ზომები რომლებსაც მოქმედი გადასასვლელების ჩაკეტვის შემთხვევაში მიმართავენ

ელჩი კელი: ნამდვილად შევხვდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ზუგდიდში. კომისია რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს აქ ადგილობრივად სიტუაციის მონიტორინგის სახით. მინდოდა გავცნობოდი მათ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება იმ ადამიანების რაოდენობაზე რომლებიც მოქმედი გადასასვლელებით სარგებლობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავივლით ძალიან დეტალურ კონსულტაციას გაეროსა და ევროკავშირთან. უნდა ვიმედოვნოთ რომ ამ გადაწყვეტილებას გააუქმებენ.

კითხვა იმის შესახებ თუ გაიწვია აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ელჩი კელი დაკავებული თანამდებობიდან

ელჩი კელი: არა. მე ვარ კარიერული დიპლომატი და ყველა კარიერულ დიპლომატს, მათ შორის ელჩებს სთხოვეს რომ შეინარჩუნონ პოზიცია.