აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის კომენტარი მედიასთან (8 სექტემბერი)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის კომენტარი მედიასთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის კომენტარი მედიასთან. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის კომენტარი მედიასთან (8 სექტემბერი) 

 

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი: დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რასაც ამ ქვეყანამ მიაღწია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. დღეს აქ მოსვლა და ბრიფინგის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რუსი სამხედროების განლაგება, ისევე, როგორც მავთულხლართების გაბმის პროცესის გაგრძელება და ბორდერიზაციის ყველა მცდელობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ცნობები პოლიციის ახალი საგუშაგოს აშენების შესახებ წარმოადგენს რეგიონში რუსული ძალების ესკალაციას. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიწვიოს უკან სამხედრო ძალები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია. მე მოუთმენლად ველი ქართველ კოლეგებთან და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრთან და კიდევ ერთხელ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის ამ კუთხეში საერთაშორისო ჯგუფთან ერთად ვიმყოფები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხისთვის, რათა დავინახოთ და დავასრულოთ რუსული ძალების მიერ მიმდინარე ოკუპაცია.

კითხვა რუსეთის ჰიბრიდულ ომთან დაპირისპირების გზებზე

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი: რუსული ტაქტიკა კარგად არის ცნობილი ყოველი ჩვენგანისთვის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში – რუსეთის ეს ძალისხმევა, რომ გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის სამხედროების განლაგებითა და განახლებული მილიტარიზაციით, რაც ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია. აქ ფრიალებს რუსული დროშა. არ არის საჭირო გაიხედოთ შორს, რომ დაინახოთ რუსეთის ძალისხმევა. არსებობს მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც უნდა მოგვარდეს მიმდინარე სიტუაცია. 2008 წელს რუსეთმა აიღო ვალდებულებები, გაეყვანა ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. მათ არ შეასრულეს ეს ვალდებულებები და განაგრძობენ საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას. ამ მოქმედების სქემას სხვაგანაც ვხედავთ, მაგალითად უკრაინაში და ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. უკვე ათწლეულია ვხედავთ რუსეთის ამგვარ ქმედებას, მავნებელ, უკანონო ძალისხმევას იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომლის ხელშეწყობაც ჩვენ ყველას გვსურს უფრო სტაბილური და მშვიდობიანი ევროპისთვის. 

კითხვა: მთავრობის წევრები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ თუ არა ამ რეგიონში ხალხის პრობლემების მოსასმენად 

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი:  დაახლოებით ერთი საათის დაშორებით ვიმყოფებით დედაქალაქ თბილისიდან, სწრაფად განვითარებადი ევროპული ქალაქიდან, რომელიც წარმოაჩენს იმ დიდ პროგრესს, რომელიც მიიღწევა სტაბილურობისა და მშვიდობისას. რუსული ძალების ამგვარი ქმედებები კი მხოლოდ ამ საქმიანობის ჩაშლის ძალისხმევას ემსახურება. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი ჩემი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას დღეს და ხვალ მათ ძალისხმევაზე სასაუბროდ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც აქ არიან და, ასევე, გამოხატავენ თავიანთ შეშფოთებას არსებული ვითარების გამო.

კითხვა პარტია პატრიოტთა ალიანსის შეთავაზებაზე მთავრობისადმი, პირდაპირ ესაუბრონ მოსკოვს და იქნება თუ არა მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი ეფექტიანი

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი:  არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც ეს საკითხები განიხილება. როგორც აღვნიშნე, მე მოუთმენლად ველი შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან მომდევნო დღენახევრის განმავლობაში, რათა განვიხილო ეს სიტუაცია და შედარებით მასშტაბური საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მთხოვა, პირადად ჩამოვსულიყავი აქ და გამომეყენებინა ახალ პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრის, ისევე, როგორც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ნახვის შესაძლებლობა. აქ ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ უმიზეზოდ დაკეტილ გამშვებ პუნქტს, რაც ძირს უთხრის ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხოვრებას და ართულებს მათი და მათი ოჯახის ყოფას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც, რა თქმა უნდა, აწუხებს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს მეგობრებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს.