Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან კიბერუსაფრთხოების ფორუმზე
Ambassador Degnan speaks at a podium

Ambassador Degnan at the Cybersecurity Forum 2020. Photo: Government of Georgia

ავტორი
4 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 25, 2020

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა კიბერუსაფრთხოების ფორუმ 2020-ზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რათა განეხილათ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები და საქართველოს კიბერ საფრთხეებისგან უკეთ დაცვის გზები.

ელჩმა დეგნანმა ისაუბრა იმ გზებზე, რითაც ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს გააძლიეროს მისი კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები, რაშიც იგულისხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი 1,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიბერუსაფრთხოების სერვის ცენტრის პროექტი და აშშ-ში დაფუძნებული ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კიბერუსაფრთხოების დარგში მოღვაწე პროფესიონალების ძლიერი მარაგის ჩამოყალიბებას.

ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მუდმივი ძალისხმევა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის რატიფიცირებისა და კიბერ სფეროში როლებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ გადანაწილებისთვის.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და მეგობრებთან ერთად, რათა დაეხმაროს საქართველოს კიბერუსაფრთხოების მიზნების მისაღწევად.

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან კიბერუსაფრთხოების ფორუმზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამართულ კიბერუსაფრთხოების ფორუმს დავესწარი. ვფიქრობ, თავად ის ფაქტი, რომ პრემიერ მინისტრი, მინისტრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან ამ ღონისძიებას, ნიშნავს, თუ როგორ სერიოზულად აღიქვამს ყველა საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს და კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, რაც მოიცავს კიბერ სივრცის, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას. ვფიქრობ, რადგან ახლა საარჩევნო წელია, ინფორმაციის უსაფრთხოება ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რათა ქართველი ამომრჩევლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი ინფორმაცია დაცული იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შემდგომი გადავადების გარეშე მიიღოს და დაამტკიცოს ყოვლისმომცველი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს, რომ მკაფიოდ განსაზღვროს ფუნქციები და პასუხისმგებლობები კიბერ სექტორში. ეს დაეხმარება საქართველოს უკეთ მოემზადოს, რათა გამორიცხოს და მაქსიმალურად შეამციროს სუსტი მხარეები და სწრაფად და ეფექტურად შეძლოს რეაგირება თავდასხმის შემთხვევებში. დარწმუნებული ვართ, რომ თავდასხმები მომავალშიც მოხდება, რადგან ეს ჩვენ ყველას შეგვეხო მთელ მსოფლიოში. მადლობა.

კითხვა წინასაარჩევნოდ ძალადობრივი ქმედებების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გავეცანი გუშინ გამოქვეყნებულ სახალხო დამცველის ანგარიშს ძალადობრივი ქმედებებისა და დაშინების შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია იმის მოსმენა, რომ ხალხის დაშინება ხდება, ძალადობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით, რომ მსგავსი ქმედებები და საქციელი ლაქად დააჩნდება ოქტომბრის არჩევნებს. საბედნიეროდ არსებობენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვიდრვებლები, ვინც უკვე ზედმიწევნით ადევნებენ თვალს წინასაარჩევნო გარემოს, აანალიზებენ და აფასებენ მიმდინარე მოვლენებს და კვლავაც გააგრძელებენ ამ საქმიანობას. აშშ-ის საელჩო, წესისამებრ, არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ჯგუფებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიავლენს, რაც დაემატება იმ დამკვირვებლების რიცხვს, რომლებიც უკვე შრომობენ იმისათვის, რომ საქართველოში სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ოქტომბერში. გასულ დღეებში, აქ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ და გერმანიის, ნიდერლანდებისა და USAD-ის მხარდაჭერით შექმნილი აპლიკაციის “საარჩევნო კომპასის” ამოქმედების აღსანიშნ ღონისძიებას დავესწარი. სწორედ მსგავსი ინსტრუმენტები დაეხმარება ქართველებს დაუკავშირდნენ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებს და უკეთ გაიცნონ მათი სამოქმედო გეგმები, რათა 31 ოქტომბერს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლონ. ეს არის არჩევნების ჩატარების სწორი გზა და არა დაშინება. როგორც გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს [დაშინების] შემთხვევებს და დაადგინა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არიან ამაში ჩართული. ასე რომ, კვლავ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას – ეს არჩევნები სუფთა, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაატარეთ, გააკეთეთ ეს საქართველოსთვის!

კითხვა ოკუპანტი ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისა და პატიმრობაში მყოფი სხვა პირების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიხარულოა იმის გაგება, რომ ვიღაცას გაათავისუფლებენ, ვინც უკანონოდ იყო დაპატიმრებული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. იმედია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მოხარული იქნება ოჯახში დაბრუნებით. ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს და ვიმედოვნებ, რომ მალე ასეც მოხდება. ვფიქრობ, ეს მიუთითებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტურობაზე და ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ეს მექანიზმი კვლავ მოქმედებს და მსგავსი მნიშნელოვანი შედეგები მოაქვს. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის სივრცე, სადაც რეალურ შედეგს დავინახავთ. ადგილზე, ადამიანებს შორის ურთიერთობები მოაგვარებს რიგ საკითხებს. ძალიან კარგი ამბავია, რომ ქართველი გათავისუფლდა. ახლა საჭიროა, რომ ყველა გათავისუფლდეს. მადლობა.