Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანი საუბრობს COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე (13 აპრილი)
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აპრილი 13, 2020

გამარჯობა,

დაახლოებით, 30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ავითარებენ პარტნიორობას, რომელიც ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.

როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დახმარების პროგრამებმა ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას. დღეს, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით.

ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი, მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. კოვიდ 19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისა და კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების კუთხით.

ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოაცხადა 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად.

ახალი დახმარების პროგრამა ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას, ასევე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას, აგრეთვე, საგანგებო ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. საგულდაგულოდ შედგენილი დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, შეავსოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები, ჯანდაცვის მუშაკები და დონორები ასრულებენ.
საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა.

და რა თქმა უნდა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს მნიშვნელოვან სამუშაოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.

გარდა ჯანმრთელობის რისკებისა, კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისი ძლიერ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას. საქართველოს მთავრობამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის დასახმარებლად, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეაქვს წვლილი სხვადასხვა გზით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ახლახან გადასცა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს 800 000 დოლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ფერმერებმა შეძლონ ფაროსანასგან თხილის მოსავლის დაცვა. ამ წლის უხვი მოსავალი მნიშვნელოვანია როგორც ფერმერებისთვის, ასევე საქართველოდან თხილის ექსპორტისთვის.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი პროგრამა ინოვაციური გრანტების კონკურსს აცხადებს, რომლის მიზანიც საქართველოს ეკონომიკის სტიმულაცია და ეკონომიკური ზრდის აღდგენაა. გრანტის მოპოვება შეუძლიათ საკვების მწარმოებლებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ ახალი იდეები საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით.

ეს, მხოლოდ, ერთ-ერთი სფეროს რამდენიმე მაგალითია. ამერიკის საელჩო მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, როდესაც კოვიდ 19-ის საფრთხე ჩაივლის.

მხოლოდ ამერიკის საელჩო არაა, ვისაც დახმარების სურვილი აქვს. საქართველოში მოქმედი რამდენიმე ამერიკული კომპანიაც ეხმარება ქართველებს ამ რთულ ვითარებაში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს StopCoV ფონდში. გარდა ამისა, რამდენიმე ამერიკული ბრენდის სასტუმრომ, როგორიცაა „მარიოტ ჰოტელ მოქსი” „რადისონ პარკ ჰოტელი” და „შერატონ გრანდი” საქართველოს მთავრობას ამ სასტუმროების საკარანტინო სივრცედ გამოყენება შესთავაზა. ეს გამოათავისუფლებს საწოლებს საავადმყოფოებში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის . „კოკა-კოლა” ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონებში პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამერიკის სავაჭრო პალატის დახმარება მხოლოდ ფინანსური შეწირულობით და საკარანტინო სივრცეებით არ შემოიფარგლება. იგი, აგრეთვე, მოიცავს ზომებს ფინანსური ზეწოლის შესამცირებლად სესხებზე საშეღავათო პერიოდის უზრუნველყოფით, ლაბორატორიული ტესტის კომპლექტებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გადაცემას, ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რომ მოსწავლეებმა დისტანციურად შეძლონ სწავლის გაგრძელება.

ამერიკის შეეთებული შტატები მოხარული და ამაყია, რომ უერთდება საქართველოს მეგობრებს და სხვა საერთაშორისო დონორებს, რომელთა შორისაა გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და სხვები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, სწრაფად გადალახოს პანდემიით გამოწვეული შედეგები და ქართველი ხალხი დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას.

ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა კვლავაც ძლიერია, ვუმკლავდებით რა ამ უპრეცენდენტო ვითარებას ერთად. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააგრძელებს სხვდასხვა გზების მოძიებას საქართველოს დასახმარებლად, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მომდევნი კვირების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ვირუსის გავრცელების კონტროლი. საუკეთესო და ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას, მთავრობის მითითებების გათვალისწინებაა: შინ დარჩენა, სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის დაცვა. ახლა ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. თუ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და ვიფიქრებთ სხვებზე, ამ ვითარებას მალე გავუმკლავდებით. გთხოვთ, იყავით ჯანმრთელად და უსაფრთხოდ.

გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს.
დიდი მადლობა, ნახვამდის!