აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თელავის რეგიონულ სასამართლოს ეწვია

თელავის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცება აშშ-ის მთავრობის მაღალ პრიორიტეტად რჩება. ამას ასახავს საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობის ოცდაათი ოფისისა და სააგენტოს მუშაობა. ბევრი მათგანი ქართველ პარტნიორებთან ერთად ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებისა და გაძლიერებისთვის მუშაობს. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი თელავის სასამართლოსთან თანამედროვე სასამართლო დარბაზების ჩამოყალიბებისთვის მუშაობს, რათა მხარდაჭერილ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სასამართლო პროცესის უწყვეტობა და მტკიცების გაუმჯობესებული პროცესი. ასევე, USAID-ის კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა ეხმარება სასამართლოებს საქართველოში, უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება საზოგადოების საჭიროებებზე. ელჩმა დეგნანმა, ასევე, აღნიშნა, რომ: „უკრაინაში მიმდინარე ძალზედ სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. პირიქით, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, ააშენოს დემოკრატია და მიჰყვეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.”