კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან კენ ვოლკერის კლინიკის გახსნის ცერემონიალზე (24 ივლისი)

კითხვა ღონისძიების შესახებ 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ მივიღე მონაწილეობა ამ, მართლაც, არაჩვეულებრივი სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის ღონისძიებაში. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია კერძო კომპანიებს, უნივერსიტეტებს, USAID-სა და საქართველოს მთავრობას გააერთიანოს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ჩართულობას მმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. საქართველომ ახლახან მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაცვის შესახებ, რაც საზოგადოების ამ ნაწილის დასახმარებლად გადადგმული, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს სარეაბილიტაციო კლინიკა არის მორიგი მაგალითი იმ ტიპის თანამშრომლობისა, რომელსაც რეალური პროგრესი მოაქვს და ადამიანების ცხოვრებას ცვლის საქართველოში. 

კითხვა წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საარჩევნო რეფორმის კანონის მიღებით, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად. ახლა მთავარია ამ კანონის განხორციელება, რადგან იყო ეუთო/ოდირის მიერ შემოთავაზებული გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა ხილვაც ჩვენ გვსურდა, თუმცა მათი ასახვა არ მოხდა კანონში. ნამდვილად გადამწყვეტია ამ კანონის ზედმიწევნით აღსრულება, რათა ოქტომბერში თითოეულ ამომრჩეველს მიეცეს შასაძლებლობა თავისუფლად, შიშის გარეშე მისცეს ხმა.

კითხვა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის შესახებ, რომელიც საქართველოსადმი დახმარების 15%-იან შემცირებას ითვალისწინებს, თუ საქართველო გარკვეულ პირობებს არ დააკმაყოფილებს

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩემი აზრით, კანონპროექტის სრულად წაკითხვა მნიშვნელოვანია. მასში ძალიან ბევრი პოზიტიურია ნათქვამი საქართველოს მიღწევების შესახებ, ასევე საუბარია საქართველოს იმ სამომავლო ქმედებებზე, რომლის ხილვაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება. ცხადია, მნიშვნელოვანია ის გზავნილიც, რაც მივიღეთ და ნებისმიერ დროს, როდესაც ისეთი პირებისგან მოდის სათქმელი, როგორიც სენატორი რიში და სენატორი შაჰინი არიან, კონგრესის წარმომადგენლები, რომელთაც მართლაც ადარდებთ საქართველოს ბედი, ჩემი აზრით, მნიშნელოვანია სერიოზულად აღვიქვათ და გავიგოთ მათი ნათქვამი, რადგან ისინი კარგად  იცნობენ საქართველოს და, როგორც უკვე ვთქვი, აღელვებთ საქართველოს მომავალი.  

კითხვა კომპანია ფრონტერას შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის შეთავაზებასა და განცხადებას გუშინ. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი შეინარჩუნოს ღია კომუნიკაციის საშუალებები ბიზნესებთან. სასამართლო დავები ხდება, თუმცა მნიშნელოვანია, რომ არსებობს ღია სივრცეები, სადაც კომპანიები შეძლებენ მთავრობასთან ერთად დასხდომასა და საკითხზე ერთობლივად მუშაობას. ეს არის ის, რისი ნახვაც გვსურს მომავალშიც, რომ მხარეები ერთად დასხდნენ და ერთობლივად შეთანხმდნენ პრობლემის მოგვარებაზე.

კითხვა აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველომ თავის ტერიტორიაზე გაატარა სამხედრო ტექნიკა, რომელიც სომხეთმა აშშ-ის მიერ სანქცირებული სერბი ბიზნესმენის, სლობოდან ტესიჩისგან შეიძინა

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ვფიქრობ, ეს ჰიპოთეტური კითხვაა, რადგან გაცილებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება შეგიძლიათ ნახოთ. მე რისი თქმაც მსურს, არის ის, რომ ჩვენ ძალიან გვაღელვებს ის, რაც ხდება [სომხეთ-აზერბაიჯანის] საზღვარზე და მჯერა, რომ სიტუაცია დასტაბილურდა და იმედის მომცემია რაც იქ ახლა ხდება. ორივე ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ამ პრობლემის მოგვარებას კი უკვე არსებული მექანიზმებით: დიპლომატიისა და დიალოგის გზით უნდა შეუდგნენ, რათა აღდგეს სტაბილურობა რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს.