გამარჯობა! გმადლობ, რომ მონაწილეობთ დღევანდელ ვირტუალურ კონფერენციაში.
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ყოფნის სამი თვის თავზე მაქვს შესაძლებლობა, გესაუბროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამერიკის დახმარებაზე, განსაკუთრებით COVID 19-ით გამოწვეულ პანდემიაზე რეაგირების კუთხით.
ამერიკის მთავრობა უძღვება COVID-19-ზე რეაგირების გლობალურ ჰუმანიტარულ ძალისხმევას, მაშინ როდესაც თავადაც ვირუსს ებრძვის შინ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე გამოყო დახლოებით 1 მილიარდი დოლარი COVID-19-თან ბრძოლის კუთხით ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის. ეს ემატება იმ ფინანსურ დახმარებას, რასაც უკვე გასცემს სხვადასხვა მრავალეროვნულ და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეხმარებიან ადგილობრივ თემებს პანდემიასთან გამკლავებაში.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მარჯვედ ართმევს თავს ამ უპრეცენდენტო კრიზისს. ამერიკა ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოსთან ძლიერი, მაღალი სტანდარტების პროფესიონალური ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რის ფარგლებშიც მან 140 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. აშშ ამავე სულისკვეთებით აგრძელებს დახმარებას, ახლა უკვე COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირებისთვის.
თქვენ უკვე გაქვთ ინფორმაცია, რომ USAID-მა დაახლოებით 2.7 მილიონი დოლარი გამოყო ამ მიზნებისთვის. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კი დამატებით 3 მილიონი დოლარი, რაც მოხმარდება ინფექციის პრევენციასა და კონტროლს, დაავადების ზედამხედველობის ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის: კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება მზადყოფნისთვის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება.
საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობის მნიშვნელობა ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) და დავადებათა კონტროლის ცენტრებთან (CDC) ნათლად გამოჩნდა ამ ვითარებაში. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სამედიცინო ექსპერტთა ტრენინგი, ისეთი ტიპის საფრთხეებზე რეაგირების კუთხით, რის წინაშეც დღეს აღმოვჩნით და ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება. DTRA-მ და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა თავდაცვის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და სხვა რამდენიმე სამინისტროს გადასცა 500 000 დოლარის ღირებულების პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რომელთა დიდი ნაწილი ქართული კომპანიებისგან შეიძინა.
მოხარული ვარ, რომ გასულ პარასკევს ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან ერთად მივიღეთ 4 000 უმაღლესი სტანდარტის PCR ტესტის კომპლექტი და დამატებით პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რაც ხელს შეუწყობს ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას და მეტ დაცვას ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
ამავდროულად ვიძიებთ გზებს დამატებითი დახმარებისთვის.
ვთანამშრომლობთ კერძო კომპანიებთან სამედიცინო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ვპარტნიორობთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ თემებს, ხანდაზმულ და შშმ პირებს, აგრეთვე ეთნიკურ უმცირესობას. ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყოთ აუცილებელი საჯარო სერვისების გაგრძელებას და მხარს ვუჭერთ მეწარმეებს, მოიძიონ ინოვაციური გზები ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.
ამ საერთო ძალისხმევაში ასევე მონაწილეობენ ამერიკული კომპანიები. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა მილიონობით ლარი გადარიცხეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ამერიკულმა სასტუმროებმა, როგორიცაა მარიოტ მოქსი, რადისონ პარკი, შერატონ გრანდი გამოყო საკარანტინო სივრცეები, კომპანია კოკა-კოლამ უზრუნველყო სასმელის მიწოდება საკარანტინო სივრცეებში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა გადაავადეს სესხები, საჩუქრად გადასცეს ტესტის კომპლექტები, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და ტექნოლოგიები დისტანციური სწავლების პლატფორმებისთვის. ეს კარგად ასახავს ამერიკული ფილანტროფიის გულუხვობას და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, როდესაც დახმარება აუცილებელია.
ჩვენ ასევე გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. ჩვენი ქვეყნების ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ამ კრიზისის გადალახვა.
საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. აშშ-ს წვლილი შეაქვს ამ ძალისხმევაში სხვადასხვა გზით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებს. ჩვენ გვინდა საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა, რაც მოიტანს მეტ სამუშაო ადგილს და მდგრად ზრდას.
ჩვენ ერთად გავდივართ ამ რთულ პერიოდს და ამავდროულად ვაღრმავებთ იმ ფუნდამეტს, რაც წლების განმავლობაში თანამშრომლობის შედეგად ჩამოვაყალიბეთ. ამასთანავე, ამერიკა კვლავ სრულად რჩება ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
სწორედ ამიტომ, ჩემი პირველი გასვლა თბილისიდან იყო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ვიზიტი სოფელ ოძისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით. მართლაც გულის მომკვლელია დაშორებული ოჯახებისა და თემების ხილვა, ხალხის რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ აქვთ სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა, ბავშვები ვერ იღებენ იმ განათლებას, რასაც იმსახურებენ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძლები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ამ რეგიონების მოსახლეობა იმსახურებს ხელშესახებ პროგრესს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ.
საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ერთგულებას დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ. COVID-19-მა ვერ შეძლო საქართველოსთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის შეჩერება ამ მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების პუნქტები. მხარეებმა შეიმუშავეს შეთანხმების პირობები, რომლის მიზანიც საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის დეპოლარიზაციაა. ამ შეთანხმების შესრულება შექმნის გარემოს და შესაძლებლობას უფრო მეტი პლურალიზმისთვის ამ წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეს ის არის, რაც ქართველ ხალხს უნდა. თუ ეს შეთანხმება ვერ შესრულდება, ეს იქნება უკუსვლა საქართველოსთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ პარლამენტთან თანამშრომლობას საარჩევნო რეფორმებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. აშშ უზრუნველყოფს ექსპერტთა რეკომენდაციებსა და რჩევებს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობსთან დაკავშირებით, იმისათვის რომ კანონში სრულად აისახოს ეუთოს რეკომენდაციები. ეს რეკომდაციები შემუშავებულია იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რასაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნებში და დაეხმარება სანდო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში.
ზოგიერთი ეს რეკომენდაცია შესულია ჯერ კიდევ 90- იანი წლების ეუთოს ანგარიშებში. გასული თვეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაატარა რამდენიმე ინკლუზიური მოსმენა, სადაც განიხილეს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის ბოლო ვერსია, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
თუმცა ნაკლოვანებები კვლავ რჩება. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ვერსია სრულად ასახავს ექსპერტთა რეკომენდაციებს და გააძლიერებს ისეთი საკითხების რეგულირებას როგორიცაა: ამომრჩეველთა დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, საარჩევნო დავების გადაჭრა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და ა.შ. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ იმ ახალი რეგულაციებით საარჩევნო მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება შეზღუდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამომრჩეველთათვის.
ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელმაც შთამბეჭდავად იმუშავა COVID-19-ის კრიზისთან გასამკლავებლად. ასევე, გვსურს, გავაფართოვოთ თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციურ კერძო სექტორთან. ჩვენი ყურადღება კვლავ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის დახმარებაზე, მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის გაძლიერებით და ინლკუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით.
ათწლეულების განმავლობაში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით, ამერიკისა და სხვა დონორების დახმარებით. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, უფრი თანაბარი ველი პოლიტიკური პარტიებისთვის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის უმნიშვნელოვანესი სრულად დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარებისთვის, რომლებიც ემსახურება კონტროლისა და ბალანსის პრინციპს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის პირობებში.
ახლა საქართველოს შემდეგი გამოწვევაა, გამოიყენოს თავისივე შექმნილი ინსტიტუტები და გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიული პროგრესის განსამტკიცებლად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე სასამართლო. საქართველოში ბევრი თავისი პროფესიის ერთგული სამართალმცოდნეა- მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები – ვისაც სურს თავისი საქმიანობის წარმართვა პოლიტიკური ჩარევის გარეშე. ამერიკამ მხარი დაუჭირა საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, ეფექტური სასამართლოს მიმართულებით და ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. შემდგომი პროგრესი მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი კონტრაქტები შესრულდება და მათი დავები გადაწყდება სამართლიანად და დროულად, თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით, სხვაგვარად ისინი მოძებნიან სხვა ადგლებს ინვესტიციების განსახორციელებლად.
ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს რთულ სამეზობლოში უწევს არსებობა. ჩვენ ვასრულებთ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომ საქართველო გახდეს უფრო მედეგი საზიანო გავლენების მიმართ, მათ შორის კიბერ უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის კუთხით.
ჩვენი მტკიცე ერთგულება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია. ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარე ინტენსიურმა მუშაობამ, წვრთნებმა და სწავლებებმა შექმნა თანამედროვე, უნარიანი, მაღალი სტანდარტების თავდაცვის ძალები, რომელთან ერთად მსახური ამერიკას ეამაყება. საქართველომ უნდა იამაყოს იმ შესანიშნავი სამუშაოთი, რაც თავდაცვის ძალებმა და სამართალდამცველმა სააგენტოებმა შეასრულეს COVID-19-ზე რეაგირების კუთხით. მათ, მართლაც, კრიტიკული როლი ითამაშეს ამ კრიზისის მართვაში.
ამერიკის ძალები და საზღვაო ქვეითები მზად არიან განაახლონ წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალებთან, როგორც კი COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება. ფაქტობრივად, ამერიკის საზღვაო ქვეითთა კონტინგენტი საქართველოშია და ემზადება ავღანეთში გასამგზავრებლად ქართველ ჯარისკაცთა დანაყოფთან ერთად ამ ზაფხულს.
როგორც ხედავთ, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორც ახლაა. მე ამაყი ვარ რომ ვარ ამერიკის ელჩი ქვეყანაში, რომელიც ერთგულია, დაიცვას ჩვენი თანაზიარი დემოკრატიული ღირებულებები და აქვს სურვილი, ინტენსიურად იმუშაოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.