Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის სიტყვა რეპრესირებული მწერლების გამოფენის მუზეუმის გახსნაზე
ავტორი
4 წუთიანი საკითხავი
მარტი 1, 2023

ძვირფასო სტუმრებო. მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ნატაშა ლომოურსა და მწერალთა სახლის გუნდს გაწეული შრომისა და ამ პროექტზე ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე აქ,  მწერალთა სახლში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერესი  და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია.

ეს სახლი არის საქართველოს უნიკალური და შესანიშნავი ლიტერატურული ტრადიციის მძლავრი სიმბოლო, მაგრამ  ის, ასევე, გვახსენებს ისტორიის განმავლობაში კრემლის მიერ ქართული იდენტობის უარყოფისა და განადგურების მცდელობებს. ეს სახლი არის სიმბოლო რეპრესიებისა, რასაც საქართველომ გაუძლო და სიმბოლო ქართველი ხალხის სიმამაცისა და სიმტკიცისა.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარებმა საქართველოს ათობით მოქალაქე მოკლეს, დიდმა მწერალმა ოთარ ჭილაძემ გლოვის ნიშნად ერს ამ დაუვიწყარი სიტყვებით მიმართა:

მან თქვა:

„ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი …და ყველაზე რთულ დროსაც კი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა.“

საბჭოთა კავშირს ესმოდა, რომ შემოქმედებითობა და აზრის დამოუკიდებლობა შეუთავსებელი იყო ოკუპაციასთან და კონტროლთან. მწერლებში საფრთხეს ხედავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელი იყო მათი შევიწროება და თავიდან მოშორება. 

ამ მწერალთაგან ბევრია ცნობილი, მაგალითად, საბჭოთა პოლიციის მიერ წამებული და მოკლული მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე და თვითმკვლელობამდე მიყვანილი პაოლო იაშვილი და გალაკტიონ ტაბიძე.

ზუსტად ამ ადგილის ზემოთ, სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ, 1937 წლის 22 ივლისს პაოლომ თავი მოიკლა, როცა ამ ოთახებში ბერიას საჩვენებელი სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა.

კიდევ ბევრი გამოასალმეს ნაადრევად სიცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას ვერ შემორჩება მათი სახელები, ჩვენ მაინც შეგვიძლია გავიხსენოთ ისინი, როგორც ერთ-ერთ ქართულ ლექსშია ნათქვამი:


ყველა მათ – ვისაც საფლავები არ დარჩენიათ,

ვინც საიდუმლო გვირაბებში თიხად ჩაგლისეს

ან ვისმა ძვლებმაც ყინულეთის მიწა მოფინა…

დასასრული ჯერ არ დამდგარა.

ეს მუზეუმი, ეს ლექსები და  მწერლები გვაჩვენებენ ავტორიტარიზმის შედეგებს წარსულში. ეს შეხსენებაც არის, რომ საფრთხე გრძელდება.

1930-იან წლებში კრემლი ცდილობდა ქართველი მწერლების რეპრესირებას, რომელთაგან ბევრს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ისინი უცხოეთის აგენტებად და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საფრთხედ გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს  დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია და საოცარი ლიტერატურული და კულტურული ტრადიცია აქვს, რუსეთისგან განცალკევებული და განსხვავებული. დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის რუსეთთან.

ჩვენ კი ვხედავთ რა მოაქვს რუსეთთან მეგობრობას: რეპრესიები და ნგრევა. ის უარს ეუბნება საქართველოს თავის უნიკალურ იდენტობაზე; ის საქართველოს კულტურის განადგურებას ცდილობს.

ვდგავართ რა აქ, უნდა გვახსოვდეს, რომ [კრემლისთვის] ზომიერი პოზიცია არ არსებობს. კრემლი აჩუმებს მათ, ვინც მის ძალაუფლებას ეწინააღმდეგება და რაც უფრო მეტ ძალას მიიღებს, მით მეტს გააჩუმებს, როგორც ეს ძალადობრივად გააკეთა საქართველოში 1921, 1924, 1931, 1937, 1956, 1989, 1993 და 2008 წლებში. ის დღესაც სასტიკი აგრესორია მსოფლიოში და ეს კარგად იციან უკრაინელებმა, რომლებიც იბრძვიან თავიანთი და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად.

ეს სახლი სიმბოლოა საქართველოს თვითგამორკვევის, დამოუკიდებლობისა და აყვავებული ევროპული მომავლისა.

ჩვენ გვახსოვს დიდი მწერლები და სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიცაა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა ქართული კულტურისა და ენის შენარჩუნებას და გარუსების წინააღმდეგ ბრძოლას.

ეს სახლი პოლიტიკური თავისუფლების სიმბოლოა.

ჩვენ გვახსოვს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, როდესაც ნოე ჟორდანიამ ენთუზიაზმით გამოაცხადა 1920 წელს: „აქ საქართველოსა და რუსეთის გზა გაიყო. ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის!”

რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, დღეს საქართველო აყვავებული ევროპული ქვეყანა იქნებოდა.

ეს სახლი არის სიმბოლო იმისა, რაც საქართველომ გადაიტანა.

ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საბჭოთა კავშირმა გაწყვიტა ყველა დიპლომატიური კავშირი დასავლეთთან და ჩაატარა ათწლეულების განმავლობაში წმენდა, რომლის დროსაც თითქმის 30 000 ქართველი მოკლეს ან გადაასახლეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რუსეთის ბატონობის მსხვერპლი – ისინი იბრძოდნენ საქართველოს იდენტობისა და კულტურის დასაცავად.

საქართველოს უნიკალური კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრების წესის საუკეთესო დაცვაა დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება, რაც მოიტანს კეთილდღეობას და დემოკრატიას, ეს კი  ქვეყანას გააძლიერებს და დაეხმარება მას უკეთ შეინარჩუნოს თავისი მრავალფეროვანი და მშვენიერი მემკვიდრეობა.

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გავიხსენოთ წარსული, დიახ, მაგრამ ასევე გავიხედოთ წინ, მომავალი თანამშრომლობისა და კეთილდღეობისკენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ნატაშა ლომოურსა და მწერალთა სახლის თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისა და იმ  დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ.

კრემლი ვერასოდეს იტყვის საბოლოო სიტყვას ვერც ამ სახლში, ვერც საქართველოსა და ვერც ევროპაში.

დღეს ეს სახლი საქართველოს შემოქმედებითი თავისუფლებისა და ინტერნაციონალიზმის სიმბოლოდ იქცა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსული მაშინაც კი, როცა ერთად ვმუშაობთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად – მომავლისთვის, რომელიც დაცულია ავტორიტარიზმისა და რუსული აგრესიისგან.