ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან Catapult Georgia-ს ღონისძიებაზე

ფოტო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები ღონისძიებას, რომელზეც საფუძველი ეყრება Silicon Valley-ს ვენჩურული (სარისკო) კაპიტალის პირველ ფონდს საქართველოში – Catapult Georgia. ეს არის დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ვენჩურული ფონდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სწრაფი ზრდის მაჩვენებლიან კომპანიებზე საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს ქართველი კომპანიებისთვის მეტი ამერიკელი და უცხოელი ინვესტორის მოზიდვას. ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ქართულ სტარტაპ კომპანიებს, სადაც სწრაფვა, კრეატიულობა და დამოუკიდებელი აზროვნება – რაც ქართველებს და ამერიკელებს გვაერთიანებს – ყვავის. საქართველომ რამდენიმე ბიზნეს ინდექსში კარგი შეფასება მიიღო, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი ინვესტორების მოსაზიდად საჭიროა მეტი, ვიდრე უბრალოდ რეიტინგები ბიზნეს ინდექსზე – თქვენ უნდა გქონდეთ ინვესტორებისთვის შესაბამისი სისტემა და გარემო, რათა მათ ნახონ, რომ მათთვის აქ თანაბარი პირობებია შექმნილი და მათი კონტრაქტები და ბიზნეს შეთანხმებები სათანადოდ, დროულად და მიუკერძოებლად იქნება დაცული. ეს ასევე ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს სანდო სასამართლო სისტემა, ისევე როგორც ბიზნეს სისტემა და მთავრობა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს ინვესტიციებს. ჩვენ მოუთმენლად ველით მუშაობას Catapult Georgia-სთან და საქართველოს მთავრობასთან მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოში. გმადლობთ.