ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან „კორპორატიული პასუხისმგებლობის დაჯილდოებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები რიგით მეხუთე „კორპორატიული პასუხისმგებლობის დაჯილდოებას“. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა აღვნიშნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საკუთარი თემის ფარგლებში ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს შეიძლება იყოს ისეთი პრობლემური საკითხების გადაჭრა, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, შშმ პირთა კეთილდღეობა და ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაზეც მოქალაქეთა მოცემული ჯგუფის წარმომადგენლები მუშაობენ. შეერთებული შტატების საელჩო დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს ამ საქმიანობას USAID-ის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას, აერთიანებს მათ რესურსებს და მათ კრეატიულ აზროვნებას, რათა მოიძიოს იმ საკითხთა და პრობლემათა გადაჭრის გზები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ასე, რომ მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. მადლობა.

კითხვა ზელენსკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისათვის სანქციების დაწესების შესახებ და აპირებს თუ არა აშშ შეუერთდეს ამ სანქციებს

ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის მთავრობას. აქამდეც მითქვამს, რომ შეერთებული შტატები წინასწარ არ განიხილავს სანქცირების პროცესს. თუ ვინმეს მიმართ სანქციებს ვაწესებთ, ამას ვაკეთებთ საჯაროდ და ინფორმაციას განვათავსებთ ვებგვერდზე. მაგრამ ჩვენ წინასწარ არ განვიხილავთ ჩვენს სანქციებს.

კითხვა იმის შესახებ, თუ ვისი ინიციატივით დაიწყო ცვლილებათა შეტანა 19 აპრილის შეთანხმებაში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის შესახებ

ელჩი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმების ყველა ელემენტი შემუშავებული იყო იმ პოლიტიკური ლიდერების მიერ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ დიალოგში. მე ვიცი, რომ ეს [საკითხი] განხილულ იქნა სასამართლო რეფორმის ფარგლებში, რაზეც დიდი ბჭობა გაიმართა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. ყველა ელემენტი შემოთავაზებული იყო თავად პოლიტიკური ლიდერების მიერ, ან იყო მიღებული არსებული ვენეციის კომისიის ან ODHIR-ის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან, რომლებიც მანამდე არ იყო აღსრულებული. ეს ინიციატივა დაიბადა საათობით მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც თავად პოლიტიკურ ლიდერებს შორის წარიმართა. ასე, რომ ისე არ მომხდარა, თითქოს ვინმე მოვიდა და მაგიდაზე დადო ეს იდეა. ეს განვითარდა მხარეთა მოლაპარაკების შედეგად, მაგრამ მისი ელემენტები შედგენილი იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, რომელიც დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკაზე. ვენეციის კომისია დაკომპლექტებულია ევროპელი იურიდიული ექსპერტებით, რომლებიც შეისწავლიან ყველა წევრი სახელმწიფოს და ხშირად მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას სხვადასხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ უმნიშვნელოვანესად საქართველოს მიერ ამ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის წარდგენა ვენეციის კომისიასა და ODHIR-ში განსახილველად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი კანდიდატის სტატუსის მიღწევაა. ეს არის ის, რის სურვილსაც ქართველი ხალხი მუდმივად ამტკიცებს. ასე რომ, ყოველი ნაბიჯი ამ გზაზე, ახლა, როდესაც კანდიდატის სტატუსი ასე ახლოსაა, უნდა გადაიდგას, იმის უზრუნველყოფით, რომ კანონპროექტები, რომლებიც წარმოიქმნება ამ პროცესით, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ამის დადგენის საუკეთესო გზაა მათი წარდგენა ვენეციის კომისიაში, ODHIR-ში, ევროპული კანონებისა და სტანდარტების ექსპერტებისთვის, რათა მათ შეაფასონ და ჰქონდეთ უკუკავშირი, იმისათვის, რომ საქართველომ იცოდეს, რომ კანონები, რომლებსაც ის იღებს, სინამდვილეში არის ევროპულ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. სწორედ ამ გზით შეძლებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღწევას. ამ მთავრობამ და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ მიზნის მიღწევა მთავარ პრიორიტეტად აქციეს და დაპირდნენ ხალხს, რომ მიაღწევდნენ კიდეც, ვინაიდან ქართველები უკვე დიდი ხნის განმავლობაში ნათლად უსვამენ ხაზს თავიანთ სურვილს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის შესახებ და მიისწრაფვიან ევროპულ ოჯახში ინტეგრირებისაკენ.