ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ანდრია პირველწოდებულისა და კენტუკის უნივერსიტეტის საერთო პროგრამის გახსნაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ დღეს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით შექმნილი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის გახსნას ვესწრები. ეს პროგრამა აერთიანებს ქართულ და ამერიკულ საგანმანათლებლო ინოვაციებს და ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ამერიკული კიბერუსაფრთხოების განათლების მიღების შესაძლებლობას საქართველოში. ამ პროგრამის კურსდამთავრებულები არა მხოლოდ  გაიფართოვებენ პროფესიულ შესაძლებლობებს, არამედ ისინი შეძლებენ წვლილი შეიტანონ საქართველოს კიბერუსაფრთხოებაში. ეს არის სფერო, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ამ თანამშრომლობას ამ უნივერსიტეტებს შორის. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საპატრიარქოსთ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტისა და შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობას. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ამ ორი ინსტიტუტის გაერთიანებას და ვფიქრობ, რომ კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა მხოლოდ დასაწყისია ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად. 

კითხვა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით

ელჩი დეგნანი: თქვენ ნახეთ შეერთებული შტატების მთავრობის, ევროკავშირის და საქართველოს მრავალი სხვა ევროპელი მოკავშირის განცხადება. ყველაფერი, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერა უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული მომავლისკენ. ასეთი მომავლისათვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი სასამართლო. ყველაფერი ის,  რაც პოლიტიზაციას ან პოლიტიკურ დევნას ჰგავს ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. ეს არის პირობა, რომელიც საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, მისცეს ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნებზე, რომ გადაედგათ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროატლანტიკური მომავლისკენ. ყველაფერი, რაც ახლა ხელს უშლის  ან რისკის ქვეშ აყენებს ამ წინსვლას, დიდ შეშფოთებას იწვევს. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვიცავთ და ვაფასებთ ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რაც ქვეყანას აძლევს გამძლეობას და ძალას რომ გაუმკლავდეს სხვადასხვა დროის გამოწვევებს. სწორედ იგივე გვსურს ქართველი ხალხისთვისაც. ქართველებს არაერთხელ უთქვამთ რომ მათ სურთ ძლიერი დემოკრატია; მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ 30 წლის განმავლობაში და ამას გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჯერა საქართველოს წარმატების და გვინდა ვიხილოთ ეს ქვეყანა სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული.