ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ყვარელში სამაცივრე მეურნეობის გახსნის ცერემონიალზე

შეკითხვა სამაცივრე მეურნეობასთან დაკავშირებით

ელჩი დეგნანი: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში პარტნიორობის კიდევ ერთი წარმატებული პროექტის აღსანიშნავად ვარ. ეს თანამედროვე სამაცივრე მოწყობილობა დაეხმარება ფერმერებს, მიიღონ მეტი შემოსავალი და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი ამ რეგიონის მაცხოვრებელთათვის. სოფლის მეურნეობის სექტორი არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის უმთავრესი სექტორი და ასეა მრავალი წელი. შესანიშნავია აგროსთორის მსგავსი ინიციატივების ხილვა, ზურაბის და მისი პარტნიორების მსგავსად, რომლებმაც აიღეს იდეა და გააფართოვეს იგი, რათა ადგილობრივი ფერმერებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, უფრო ხანგრძლივად შეენახათ კენკროვანი მოსავალი, რომელიც მალფუჭებადია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებას და, ასევე, ეს გაზრდის ხარისხს და ფასს, რომელსაც მათი ფერმერები მიიღებენ. ეს ნამდვილი წარმატების ისტორიაა და შეერთებული შტატები ამაყია იყოს ისეთი რამის ნაწილი, რაც აკავშირებს კერძო სექტორს საქართველოს მთავრობისა და USAID-ის მხარდაჭერასთან. დიდი მადლობა!

შეკითხვა წინასაარჩევნო გარემოსა და მარნეულში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით

ელჩი დეგნანი: ძალიან გულდასაწყვეტი იყო ამ ინციდენტების შესახებ მოსმენა მთელი საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობ, ყველანი ძალიან მადლიერნი უნდა ვიყოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, რომლებიც ამას აკვირდებიან და წარმოადგენენ ამ საჩივრების მოსმენისა და მიტანის ადგილს და შემდეგ, რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც ამ ინციდენტებს იძიებს. საქმის არსი ისაა, რომ ეს ინციდენტები საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. პარტიის ლიდერები, ყველა პარტიის ლიდერი ვალდებულია, მხარდამჭერებს ნათელი გზავნილით მიმართოს, რომ ძალადობა მიუღებელი იქნება ამ და ნებისმიერ არჩევნებში. ეს, უბრალოდ, არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წესი. ის დაშინება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ, მიუღებელია და, ნამდვილად, შელახავს საქართველოს რეპუტაციას თუ ეს გაგრძელდება ამ არჩევნებისას. ყოველი პარტიის ლიდერი, ყოველი პარტიის წევრი უნდა გზავნიდეს ნათელ გზავნილს, რომ ძალადობა მიუღებელია და მას არ დაუშვებენ. ასე დასრულდება ეს ყოველივე.

შეკითხვა მოსამართლეების დანიშვნის წესის საკანონმდებლო ცვლილებაზე

ელჩი დეგნანი: ბოლო ხანებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად და ჩვენ, ნამდვილად, მივესალმებით ამ პარლამენტს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც განსაკუთრებით ფოკუსირებული იყო უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წამოყენებისა და დანიშვნის პროცესზე, რაზეც მიმართული იყო ეს კანონმდებლობა. დამატებითი სიცხადე და დამატებითი გამჭვირვალობა, რაც კანდიდატის შერჩევისა თუ არშერჩევის მიზეზების წერილობით წარდგენას ითვალისწინებს, და დამატებითი პროცედურა, რომელიც კანდიდატებს გასაჩივრების საშუალებას აძლევს, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ხმის მიცემის უფრო გამჭვირვალე პროცესი. ეს იყო მრავალი რეკომენდაციიდან სამი, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ იყო ხაზგასმული და გვიხარია, რომ ისინი გათვალისწინებული იქნა. იყო სხვა არაერთი რეკომენდაცია, რომლის კანონმდებლობაში გათვალისწინების იმედიც ვენეციის კომისიას, შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და სხვებს ჰქონდათ. გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ახალი პარლამენტი იმავე შემართებით შეუდგება სასამართლო რეფორმას, რომლითაც – ეს პარლამენტი და პრიორიტეტულს გახდის ვენეციის კომისიისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრების დარჩენილი რეკომენდაციების გათვალისწინებას. ამ პროცესის მიზანი, ამ ხაზგასმის მიზანი არის ის, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და უფრო დამოუკიდებელი სასამართლო. დამოუკიდებელი სასამართო არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის საყრდენი სვეტი. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი პარლამენტი გააგრძელებს იმ სამუშაოს, რაც დღემდე განხორციელდა. დიდი მადლობა!