ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (5 მარტი)

Ambassador Kelly C. Degnan (right) met with Georgian Minister of Health Ekaterine Tikaradze. Photo: MOH Georgia
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი (მარჯვნივ) და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ფორო: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (5 მარტი)

 

კითხვა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით

ელჩი კელი დეგნანი: დაავადების გავრცელების საპასუხოდ საქართველოს მიერ გატარებულმა პრევენციულმა ზომებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რეალურად, როდესაც შაბათს ვაშინგტონიდან ვბრუნდებოდი, გზად რამდენიმე აეროპორტი გამოვიარე, თუმცა მხოლოდ თბილისის აეროპორტში შემხვდა შესაბამისი დამცავი სამოსით სრულად აღჭურვილი პერსონალი. ისინი ჩამოსულ მგზავრებს ტემპერატურას უზომავდნენ. მათ ჰქონდათ შემოწმების საკმაოდ ორგანიზებული და სრულყოფილი პროცედურა. ასე რომ, შაბათსაც კი, საქართველო მოწინავე იყო ეპიდემიის გავრცელების შეკავებაში. ეს არის ჯანდაცვის გლობალური კრიზისი, რომელსაც ყველამ ერთიანად უნდა ვუპასუხოთ. ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ზომას ვიღებთ. ვფიქრობ, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს საკმაოდ პროფესიონალური დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრი, რომელიც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას და იღებს შესაბამის ზომებს ვირუსის შესაჩერებლად. ასევე, ვფიქრობ, რომ ნათლად ჩანს ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაც, იგი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ინსიტუტს, რომელთანაც საქართველო ათწლეულებია თანამშრომლობს. ახლა, როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისს, ვხედავთ ამ ტიპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ინსიტუტის მნიშვნელობას. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მსურს შევაქო საქართველო გამოჩენილი ძალისხმევისთვის და მოვუწოდო ქართველ ხალხს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის პროფესიონალების რეკომენდაციები: დაიბანეთ ხელები, თუ არ გრძნობთ თავს კარგად, დარჩით სახლში და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა ეპიდემიის ფონზე. დიდი მადლობა.

კითხვა: როგორ უმკლავდება საქართველო არსებულ სიტუაციას?

ელჩი კელი დეგნანი: როგორც უკვე აღვნიშნე, ვფიქრობ, რომ საქართველო დადებითად და პროაქტიულად პასუხობს გამოწვევას, სწორედ ამის შედეგია დაავადებულთა რაოდენობის სიმცირე. ქართველები თვითიზოლაციაში ყოფნით მოქმედებენ პასუხისმგებლიანად. თუ ისინი არ გრძნობენ თავს კარგად, რჩებიან სახლში. თუ ისინი იმყოფებოდნენ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში, ინფორმაციას აწვდიან შესაბამის ორგანოებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოში არის საკმაოდ ინფორმირებული საზოგადოება, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის პროფესიონალების რჩევებს და იქცევა სწორად. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ვირუსის გავრცელების პრევენციას.