რობინ ლ.დანიგანი არის ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. ამ თანამდებობის დაკავებამდე იგი მსახურობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.
ელჩი დანიგანი, მინისტრ-მრჩევლის რანგის კარიერული დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: იყო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ავსტრიაში, აგრეთვე მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგორესურსების ბიუროში, მდივნის თანაშემწის მოადგილედ.
ელჩ დანიგანს ნამსახურები აქვს აშშ-ის საელჩოებში: ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. ვაშინგტონში მას ეკავა ენერგორესურსების ბიუროს ევროპის, დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკის ოფისის დირექტორის თანამდებობა. იგი აგრეთვე მუშაობდა ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში და სახელმწიფო მდივნის ოფისში.
ელჩი დანიგანი არის ეროვნული ომის კოლეჯის გამორჩეული კურსდამთავრებული. მან წარჩინებით მოიპოვა მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. იგი ასევე ფლობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს დიპლომატიური საქმიანობის მიმართულებით და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. ელჩი დანიგანი თავისუფლად ფლობს ესპანურ ენას, აგრეთვე საუბრობს გერმანულ და თურქულ ენებზე. ელჩი დანიგანი დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.