ელჩ კელი დეგნანის პირველი ვიზიტი საქართველოს სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონში (10 ივლისი)

ელჩ კელი დეგნანის პირველი ვიზიტი საქართველოს სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონში (13 ივლისი)

 

ამ კვირას ელჩმა კელი დეგნანმა პირველად იმოგზაურა საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რათა გაცნობოდა ქვეყნის ამ შესანიშნავ რეგიონს და მეტი გაეგო მის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ელჩმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და „ქალები მომავლისთვის” საბჭოს წევრ მეწარმე ქალების ჯგუფთან ერთად იმოგზაურა. ამ ქალებიდან ბევრი აშშ-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა და მათ ისაუბრეს, როგორ შთააგონა ამერიკულმა გამოცდილებამ ისინი, გამხდარიყვნენ უფრო ძლიერი ლიდერები.  

მოგზაურობის დროს ელჩი შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და მესტიის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანს. ელჩმა მოინახულა ენგურის ჰიდრო-ელექტრო სადგური, ეწვია ულამაზეს უშგულსა და მესტიას, ზუგდიდში კი ყველის გაკეთება ისწავლა. იგი შეხვდა USAID-ის პროგრამა Zrda-ს რამდენიმე ბენეფიციარს. ეს პროგრამა მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას, რასაც რეგიონებში პატარა და საშუალო ბიზნესების დახმარებითა და მათ მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით აღწევს. მოგზაურობის დროს ელჩი გაეცნო ქართულ სამზარეულოს, მუსიკასა და ცეკვას. 

„ქალები მომავლისთვის” წარმომადგენლებთან ერთად მოგზაურობისას ელჩმა გაიგო მეტი ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვან საქმიანობაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის მცირე საგრანტო პროგრამის დაფინანსებით ახორციელებენ. ამ პროექტის ფარგლებში 100-ზე მეტმა ქალმა ქვეყნის მასშტაბით ვორქშოპების საშუალებით გაიარა სწავლება მენეჯმენტში, მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. მონაწილეებს მიეცათ უცხოურ ბაზრებზე წვდომისა და ფონდების მოძიების შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კვლავაც გააგრძელებს ორგანიზაციის მხარდაჭერას მისი გეგმების განხორციელებაში, რათა საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს ბიზნესის სექტორი.

ელჩის ვიზიტის გამორჩეული ნაწილი იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მონახულება, რომლის სიამაყეა ეთნოგრაფიული ექსპონატები, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების კოლექცია, რომელთა შენახვა და დაცვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დააფინანსა 2009 წელს, როდესაც მუზეუმი ძირითადი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ემზადებოდა.