ელჩი კელი დეგნანი დაესწრო ფორუმს „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათ

ელჩი კელი დეგნანი დაესწრო ფორუმს „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის საქართველოში” (17 ივლისი)

ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდა  „მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის” ფორუმის დაწყების გახსნაზე. ეს არის ფორუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ძირითადი კომპონენტია.  USAID და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით გამართული მრავალკვირიანი ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციებისათვის, შექმნის ქცევის კოდექსს, რაც იქნება საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმძღვანელო, ხელს შეუწყობს მედიის, აკადემიური წრეებისა და პოლიტიკური აქტორების ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ.  თავის გამოსვლაში ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობას, რამაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ პოლიტიკური პროცესები პასუხობდნენ ადამიანის საჭიროებებს.

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ გამართულ ფორუმზე (17 ივლისი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები USAID-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ გამართულ ფორუმს. ეს ფორუმი ემსახურება მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებასა და ქცევის კოდქსის დადგენას, რომლითაც ისინი სამუშაო პროცესში იხელმძღვანელებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობის შესახებ უკეთესი აღქმა შეექმნათ, იმ მიუკერძოებელი კვლევების შესახებ, რომელიც მათი ხედვებისა და პრიორიტეტების უკეთ წარმოჩენას ემსახურება. ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ საზოგადოებრივი აზრის კვლევას დემოკრატიის მშენებლობის კრიტიკულ ნაწილად მიიჩნევს, რადგან ეს კვლევები უკეთ გამოხატავს მოქალაქეების პრიორიტეტებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევები არის მოქალაქეების შეხედულებების გაცნობისა და მოქალაქეებსა და მათ წარმომადგენელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დამყარების საშუალება. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს პროგრამა დაიწყო და ვაფასებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობას ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში. მადლობა.

კითხვა ბოლო დროინდელ აბსურდულ განცხადებაზე ღამურებისა და ლუგარის ცენტრის შესახებ, რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხზე?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გეთანხმებით, ცხადია, რომ ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა შექმნას დაბნეულობა და შეარყიოს რწმენა, რომელიც ქართველებს აქვთ ქართველების მიერ ლუგარის ცენტრისა და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის საქმიანობის მიმართ. ზუსტად ამ დილას ვსტუმრობდი ცენტრს და ვნახე როგორი შთამაგონებელია მათი საქმიანობა. იქ დავესწარი ორი ძალიან შთამბეჭდავი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის სტაჟირების პროგრამის დასრულებას და დავათვალიერე რა მთელი ცენტრი, დავწრმუნდი, რომ ეს არის ადგილი, რომლითაც ქართველები ძალიან უნდა ამაყობდნენ. ქართველებს ნამდვილად შეუძლიათ იამაყონ იმ საქმიანობით, რომლითაც ბატონი გამყრელიძე, ბატონი პაატა და მათი გუნდი გაუმკლავდნენ მოულოდნელ და უპრეცედენტო კრიტიკული სიტუაციას.

კითხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს დღეს პრო-რუსული მთავრობა ჰყავს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: როგორც იცით, თითქმის ოცდაათი წელია ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებებით და, რა საკვირველია, ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ, როგორ გაიზარდა ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების ცნობიერება და შეფასება რუსეთის როლის შესახებ, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. როგორც ჩანს, რუსეთს ძალიან უჭირს მიიღოს ის ფაქტი, რომ მას მეზობლად წარმატების მაგალითი, დემოკრატიული საქართველო ჰყავს და ვფიქრობ, ზუსტად ამის გამო ვხედავთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მნიშვნელობის დაკნინებისაკენ მიმართულ მცდელობებს. რა თქმა უნდა, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც, ვთანამშრომლობდით წინა მთავრობებთან და წინსვლა ცალსახად ნათელია. საქართველომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით ყველა სფეროში. ეს არის ნამდვილი წარმატების ამბავი.

კითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში, ამერიკის საელჩოს კი პროვოკაციული განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებენ. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხზე?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ხმის ამაღლებასა და სიმართლის თქმას, ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, მის უფლებას დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და უფლებას დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, არამგონია მეტის თქმა საჭირო იყოს. ირონიულია, რომ რუსეთი საქართველოს აკრიტიკებს არსებული დავების გადასაჭრელად შექმნილი ინციდენტების არიდებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გამოუყენებლობაზე, მაშინ როდესაც ზუსტადაც, რომ რუსეთი თავად უქმნის წინაღობებს ამ მექანიზმის ამოქმედებას. ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა ამ ინციდენტების აღმოსაფხვრელად დროული, უსაფრთხო და სხარტი ქმედებებით, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, რისი უფლებაც მას აქვს. დიდი მადლობა.