აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქალაქ გორს ეწვია (11 ივნისი)

Ambassador Kelly Degnan with Red Cross Representatives. Photo: State Dept

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქალაქ გორს ეწვია (11 ივნისი)

 

დღეს ელჩი კელი დეგნანი პირველად ესტუმრა გორს. ვიზიტის დროს ელჩი შეხვდა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორს – გიორგი ხოჯევანიშვილს. მათ განიხილეს, თუ რა შედეგები მოჰყვა COVID-19-ს გორსა და მთლიანად რეგიონში,მომავალი არჩევნებისათვის მზადებასა და უკანონო ბორდერიზაციის დამანგრეველ გავლენაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.

ელჩს, ასევე, საინფორმაციო დისკუსიები ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ახლანდელ და მომავალ ლიდერებთან. გორში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან შეხვედრისას ელჩმა მოისმინა, თუ როგორ ეხმიანებიან ეს ორგანიზაციები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიის მშენებლობაში. USAID-ის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა PITA -ს ახალგაზრდა მონაწილეებთან შეხვედრისას ელჩი გაეცნო ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებსა და პერსპექტივებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა მათი მნიშვნელოვანი როლისთვის ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გახმოვანების საქმეში, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის მეშვეობით.

გორის წითელი ჯვრის საზოგადოების ოფისში ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მოხალისეებთან ერთად COVID-19-ის კრიზისის დროს ჩატარებული ერთობლივი ძალისხმევის შესახებ. მოგვიანებით, წითელი ჯვრის საველე ოფისის მოხალისეებთან ერთად ელჩმა პანდემიით დაზარალებულ გორის მაცხოვრებლებს საკვები და სხვა ნივთები გადასცა.

ელჩმა დეგნანმა გუბერნატორ ხოჯევანიშვილთან და გორის მერ თავზარაშვილთან ერთად გორის ციხე მოინახულა, სადაც გაეცნო ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის გორის ციხის ისტორიის ცოცხალ ძეგლად გადაქცევის პროცესს. USAID-ის დახმარებით შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება ამ ადგილის კულტურის თვალსაჩინო ძეგლად გარდასაქმნელად მუშაობს. ეს კი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს მოიზიდავს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ელჩზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ულამაზესმა, ტრადიციულმა კერამიკის, მინანქრისა და ხის ნამუშევრებმა, რომელიც ადგილობრივმა ოსტატებმა წარმოადგინეს. მას შესაძლებლობა ჰქონდა, გაესინჯა ადგილობრივი წარმოების ჩიფსები, შოკოლადები, წვენი და დაეგემოვნებინა გორის შესანიშნავი ღვინო.

გორში ვიზიტი ელჩმა დაასრულა გორის ოჯახური ძალადობის ცენტრის მონახულებით, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიურო. მას ამაღელვებელი შეხვედრა ჰქონდა ცენტრის თანამშრომლებთან, ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად მათი ძალისხმევის შესახებ.