Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესტუმრა საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 4, 2020

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან ერთად, გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობის 2 წლით გაგრძელება, რათა ქართველებს 13 რეგიონულ ცენტრში მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება ასევე ხელს უწყობს ისეთ დამატებით პროექტებს, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, ანტიდასავლური ნარატივების წინააღმდეგ მდგრადობის გაზრდა, კონფერენციებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და სხვა თემებს.

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. ამ 750,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივას ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სწორი, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ევროკავშირისა და ნატოს წევრობის დადებითი მხარეების შესახებ და ამავდროულად მათში გაწევრიანების პროცესისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ. ინიციატივის მეორე ფაზის დაწყება სანფორმაციო ცენტრს მისცემს შესაძლებლობას გააფართოვოს სეგმენტი და მიწვდეს უფრო მეტ ადამიანს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებას, სტუდენტებს, მუნიციპალიტეტებისა და რელიგიურ ლიდერებს, რათა უკეთ აუხსნან მათ და მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნატოს, ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაგრძელება. ქართველებმა ეს გზა თავად აირჩიეს, რადგან მათ იციან, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია მათ მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, მეტ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და ძლიერ დემოკრატიას. მადლობა.

კითხვა ლუგარის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საქმეზე დაწყებული აქვს გამოძიება. მნიშვნელოვანია ვნახოთ გამოძიების შედეგები. ეს თავდასხმა მოიცავს როგორც ლუგარის ცენტრს ისე ჯანდაცვის სამინისტროს, ასე რომ, ცოტა მეტი ინფორმაცია გვჭირდება. თუმცა, ცხადი ერთია, ეს არის შეხსენება იმისა, რომ რუსეთისა და სხვების მსგავსი მავნე აქტორები გამუდმებით ეძებენ გზებს თავდასხმისთვის, რათა შექმნან არასტაბილურობა და გამოიწვიონ დაბნეულობა. სწორედ ამიტომ, საქართველომ უნდა გააგრძელოს უკვე კარგად მიმდინარე საქმიანობა საკუთარი კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად, რათა აიმაღლოს კიბერჰიგიენის მაღალი სტანდარტები, ამერიკის შეერთებული შტატები კი საქართველოს ამ ძალისხმევაში დახმარებას კვლავაც გააგრძელებს.

კითხვა NDI-ის მიერ არჩევნების დღეს დამკვირვებლების არ გამოგზავნის შესახებ, შეუქმნის თუ არა ეს პირობებს მმართველ პარტიას გააყალბონ არჩევნები და როგორ აპირებენ საერთაშორისო პარტნიორები გაყალბების თავიდან არიდებას? ასევე, კონგრესმენი კინზინგერის განცხადების თანახმად, უცხო ქვეყანა ერევა საქართველოს არჩევნებში, რამდენად რეალურია ეს ჩარევა?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: პირველ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, ვფიქრობ, NDI-მ ცხადად განაცხადა, რომ ისინი მჭიდროდ იქნებიან ჩართულნი საქართველოს არჩევნებში, ზუსტად ისე, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში. ისინი არიან პროფესიონალები, ვინც კარგად იცნობენ საქართველოს და აქვთ დამკვირვებლობის დიდი გამოცდილება და ჩართულნი იყვნენ საქართველოს არჩევნებში ბოლო 25 წლის განმავლობაში. მათ ამ არჩევნებში ჩართულობისთვის განავითარეს ძალიან მძლავრი მიდგომა, რომლითაც COVID პანდემიის პირობებში დაიცავენ საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. როგორც თქვეს, ისინი ძალიან მჭიდროდ იმუშავებენ ადგილზე მყოფ ჯგუფებთან, შეადგენენ არსებულ შეფასების კითხვარებს ახალი გზებითა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ასე რომ, არ ველი NDI-ისა თუ რომელიმე სხვა სადამკვირვებლო გუნდის ჩართულობის შემცირებას. საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ადგილზე ჰყავს კარგად გამოცდილი დამკვირვებლები. როგორც წესი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა მისიები არჩევნების დასაკვირვებლად საკუთარი ჯგუფებს მიავლენს. როგორც უკვე ვთქვი, საერთაშრისო დამკვირვებლებისგან ძალიან მძლავრი და აქტიური ჩართულობა იქნება. რაც შეეხება კონგრესმენ კინზინგერის განცხადებას, ვფიქრობ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბატონი კინზინგერი და ბევრი სხვა პირი ვაშინგტონში ძალიან მჭიდროდ აკვირდებიან მოვლენებს საქართველოში. მათ ძალიან აინტერესებთ და აღელვებთ ამ არჩევნების კარგად ჩატარება. მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ამ ამბებში თურქეთის გარევა არის უპასუხისმგებლო საქციელი. თურქეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი მეგობარი და პრტნიორი, მას საქართველოსთვის უმთავრესი საექსპორტო ბაზარი აქვს და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მეგობრობა და პარტნიორობა.

კითხვა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუციის შესახებ და რამდენად არის ეს რუსეთისგან თავდაცვის მექანიზმი?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: საქართველოს ვულოცავ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ რეზოლუციის მიღებას. ჩემთვის ეს არის ნიშანი იმისა, რომ საერთაშორისო ინტერესი საკითხისადმი და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსითა და ჰუმანიტარული მდგომარეობით დაინტერესება არ წყდება. წელს, ამ რეზოლუციას 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გასულ წლებთან შედარებით, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ მოქმედება არ წყდება, იზრდება იმის აღიარება, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს იქ ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები ტერიტორიიდან, დაემორჩილოს 2008 წლის შეთანხმების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და უარყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. ეს კარგი დასაწყისი იქნებოდა არასტაბილურ გარემოში მცხოვრები ათასობით ადამიანისთვის მდგომარეობის გაუმჯობოსებისთვის.

კითხვა: არის თუ არა საკმარისი ბოლო დროს გატარებული საარჩევნო რეფორმები არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მიღებული საარჩევნო რეფორმები, გუშინდელი ცვლილებების ჩათვლით, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მათში ასახულია ოდირის მიერ გასულ არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები. ასე რომ, ეს პროგრესია, თუმცა როგორც აქამდეც ვთქვით, ეს მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ მას არ მოჰყვება ზედმიწევნითი აღსრულება და განხორციელება. ცხადად უნდა გამოჩნდეს, რომ არჩევნების ჩატარებისადმი მიდგომა შეიცვალა და ყველა სწორედ ამას დააკვირდება ყურადღებით ოქტომბერში.

კითხვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-ის ჩართულობასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მე კვლავაც ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახის მიმართ, მშობლებისთვის შვილის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს. მე ვეცნობოდი ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით და წარმომიდგენია როგორ ტკივილს განიცდიან და გლოვობენ ისინი. ჩვენ ვეცადეთ ცხადად აგვეხსნა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკაში, რომლის იურისდიქცია მხოლოდ შეერთებულ შტატებში ვრცელდება, ან იმ საქმეებს მოიცავს, რომელიც ეხება ამერიკის მოქალაქეებს ან ამერიკის ინტერესებს. FBI-ს იურისდიქცია შეერთებული შტატების მიღმა ძალიან შეზღუდულია და გამოძიების წარმოება საქართველოში ან ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ მათ კომპეტენციაში არ შედის.