ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან პარლამენტში ვიზიტის შემდეგ

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს იყო სამუშაო ჯგუფის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ ვაფასებთ მოცემულ შესაძლებლობას განვაგრძოთ დისკუსია ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესახებ. ის მიზნად ისახავს საქართველოს მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას. ქვეყანაში სასამართლო სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ვენეციის კომისიამ, აშშ-მა, ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მეგობრებმა სასარგებლო რჩევენი გასცეს.

კითხვა ცესკოს ქცევის კოდექსზე ყველა მხარის მიერ ხელმოწერის მნიშვნელობაზე

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამისთვის შექებას იმსახურებს. ქცევის კოდექსი, როგორც მე ვიცი, ასახავს ისეთ ძირეულ პრინციპებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად, შესაბამისად, ყველა მხარეს მოვუწოდებ ეს ძალიან სერიოზულად აღიქვან და მას ხელი მოაწერონ.

კითხვა “გორბის” კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩევლის 11% უჭერს მხარს, როგორ შეაფასებთ კვლევის სანდოობას?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: საარჩევნო პერიოდში მრავალი გამოკითხვა ქვეყნდება, ჩვენ უკვე მრავალი კვლევა ვნახეთ ამ ზაფხულს და არჩევნებამდეც ასე გაგრძელდება. გამოკითხვები, რომლებიც ტარდება პასუხისმგებლობითა და მიღებული მეთოდოლოგიური სტანდარტების დაცვით ინფორმაციის ძალიან სასარგებლო წყაროა ამომრჩევლისთვის, ასევე პარტიებისთვისაც, რათა მათ უკეთ გაიგონ, თუ რა არის ამომრჩეველთა პრიორიტეტები. ასე რომ, ვფიქრობ, როდესაც ისინი ტარდება სწორად, მიღებული მეთოდოლოგიებით, ეს გამოკითხვები უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ხალხისთვის, რათა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, თუ რას სთავაზობენ და პირდებიან პარტიები და რა არის მათი სამომავლო ხედვა.

კითხვა საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შესახებ. პროცესი უკვე დასრულებულია, თუმცა არსებობს ეჭვი კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან დაკავშირებით, რომ ისინი სავარაუდოდ დაკავშირებულები არიან ქართულ ოცნებასთან

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ამის შესახებ და მომიწევს ამ საკითხში უკეთ გარკვევა, თუმცა, რა თქმა უნდა, მოსაზრება, რომ ყველა დონეზე უნდა გვყავდეს წარმომადგენლობითი საარჩევნო კომისიები და საარჩევნო უბნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საბოლოოდ, ეს რეგულაციები მიზნად ისახავს თავდაჯერებულობის გაზრდას იმ ამომრჩევლებში, ვინც ხმის მისაცემად მივლენ საარჩევნო უბნებზე და იმ ადამიანებში, რომლებიც საარჩევნო პროცესში ზოგადად ჩაერთვებიან, რომ ამ არჩევნების შედეგებისადმი ნდობა იყოს. ვფიქრობ, ცესკო გულმოდგინედ მუშაობს, რათა კოვიდის მიუხედავად ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ იმუშაოს საარჩევნო უბნებზე და ხმაც უსაფრთხოდ მისცეს. დღის ბოლოს, სწორედ ეს იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი არჩევნების შედეგებისადმი ნდობაში.