ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან აპლიკაცია “საარჩევნო კომპასისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მიხარია, რომ ვესწრები აპლიკაცია “საარჩევნო კომპასის” წარდგენის ღონისძიებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი საშუალება ამომრჩევლებისთვის უკეთ გაიგონ სხვადასხვა პარტიების სამოქმედო გეგმა. უკვე 17-მა პარტიამ შეიტანა ინფორმაცია ქართველი ამომრჩევლისთვის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით მათი შეხედულებების შესახებ. ამომრჩევლებს შეუძლიათ გახსნან აპლიკაცია და ნახონ ვისი შეხედულებები ემთხვევა მათ მოსაზრებებსა და პრიორიტეტებს. ასე რომ, მგონი ძალიან გამოსადეგი აპლიკაცია იქნება. ის შეიქმნა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიისა და ნიდერლანდების სამეფოსთან თანამშრომლობით. ნიდერლანდები უკვე წარმატებით იყენებს ამ აპლიკაციას. მისი შექმნა და ზოგადად ამერიკის მიერ დაფინანსებული პროგრამების უმეტესობა ემსახურება მოქალაქეზე უფრო მეტად მიმართული დემოკრატიის განვითარებას, რათა ამომრჩეველი და ზოგადად, საზოგადოება მეტად ჩართული იყოს მთავრობაში მათი წარმომადგენლების შერჩევასა და მართვის პროცესში. მადლობა!

კითხვა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, როგორ აფასებს ამერიკა პოლიტიკური პოლარიზების დონეს საქართველოში?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურის აწევა ნორმალურია. ჩემთვის ძალიან დამაიმედებელი იყო, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია შეუერთდა საარჩევნო ქცევის წესს და არამხოლოდ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართულნი მის შემუშავებაში. ჩემთვის ეს მართლაც იმედის მომცემი იყო, რომ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთად იმუშავეს, რათა შეექმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ეთიკის ნორმები, რომლითაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იხელმძღვანელონ. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიცრუვდება იმედები, თუ ვიხილავთ ამომრჩევლის დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. ISFED-ი და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები უკვე საუბრობენ მსგავს შემთხვევებზე და ჩვენ მართლა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი. ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს საქართველოსთვის.

კითხვა ჟურნალ National Interest-ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში შიშობენ, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერევა. თქვენი აზრით, აფასებს თუ არა ამას სათანადოდ საქართველოს მთავრობა?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: პირველ რიგში, ეს ცხადად წარმოაჩენს, რომ ჩემს წინამორბედებს კვლავ ძალიან აინტერესებთ და აღელვებთ საქართველოს წარმატება და მომავალი. ეს არის დასტური იმისა, რაც ვფიქრობ ბევრმა ისედაც იცის, რომ საქართველოს ამ არჩევნებისადმი დიდი ინტერესი და ყურადღებაა მოპყრობილი, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ განვითარებისადმი. ამ საკითხებს ზედმიწევნით აკვირდებიან, რადგან ჩემი აზრით ხალხს საქართველოს წარმატებისადმი მაღალი მოლოდინები აქვს. რაც შეეხება დეზინფორმაციას, ჩვენ ვიხილეთ რუსეთისა და სხვა არაკეთილმოსურნე აქტორების ჩარევა ევროპისა და ამერიკის არჩევნებში, ასე რომ, ვფიქრობ, სამართლიანია დაშვება, რომ ეს საქართველოშიც მოხდება. მიმაჩნია, რომ მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება და რაც მთავარია, ქართული საზოგადოება აღიქვამს მას სერიოზულად, უკეთ ხვდება რა ტყუილ ინფორმაციასა და მავნე ქმედებებს, რაც დაბნეულობის შექმნას, არასტაბილურობის განცდის დანერგვასა და წარმატებისკენ მიმავალი გზიდან საქართველოს ჩამოშორებას ემსახურება.

კითხვა პრემიერ გახარიასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მთავარ მრჩეველ, რობერტ ობრაიენს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის, რომელიც ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში და იმედია კვლავაც იარსებებს, რადგან ჩვენი მთავრობებისთვის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ წარმომადგენლობითი ორგანო აქ და ბევრი საკითხი საელჩოს გავლით გადის, თუმცა ყოველთვის სასარგებლოა ვაშინგტონში გდაწყვეტილების მიმღებები თავად გაესაუბრონ ქვეყნის წარმომადგენელს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია, ეკონომიკური აღდგენა და კოვიდი, ასევე გზების ძიება, თუ როგორ შეუძლია ამერიკას საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და დემოკრატიის განვითარების პროცესში დახმარება. რა თქმა უნდა, განხილული იყო არჩევნებ. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პროცესის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღებაა მოპყრობილი და ნამდვილად არის მოლოდინი, რომ ეს არჩევნები უფრო თავისუფალი, სამართლიანი და უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი.