კითხვა ღონისძიების შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ფანტასტიური ინიციატივა. დღეს გაიხსნა ამერიკული კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება შეხვედრის ადგილი ამერიკელებისა და ქართველებისთვის და სადაც მოხდება გაზიარება იმისა, თუ რამდენი საერთო გვაქვს, რამდენ საქმეს ვაკეთებთ ერთად და როგორ ვეძიოთ შესაძლებლობები ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ამერიკული კულტურის ცენტრს. მართალია, ეს კერძო ინიციატივაა, თუმცა ის შეავსებს მთელ იმ საქმიანობას, რომელსაც ამერიკის საელჩო და ამერიკის შეერთებული შტატები ეწევა საქართველოში: საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, კულტურული გაცვლითი პროგრამები, ინგლისური ენის შემსწავლელი კლასები – ყველა ეს არაჩვეულებრივი პროგრამა, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს მისწვდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ, უბრალოდ, აღტაცებული ვართ, რომ დღეს აქ, ამ პროექტის დაწყების ღონისძიებაზე ვიმყოფებით.
კითხვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 არილის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის ეს ხელმოწერა?
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ მივესალმებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას. ჩვენ მათ ამ ნაბიჯისკენ დიდი ხანია მოვუწოდებდით, ასე რომ, ეს ქმედება კარგის ნიშანია, რადგან ეს დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყნაში აუცილებლად გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმების გზამკვლევს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ რეფორმებსა და ნაბიჯებზე მოილაპარაკეს და ერთმანეთში შეთანხმდნენ საქართველოს ლიდერები. ეს მათთვის თავს არ მოუხვევია არც შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს. ეს იყო მოლაპარაკებული საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ასე, რომ კარგის ნიშანია როდესაც ამდენი აწერს ხელს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც აუცილებელი და მნიშნელოვანია საქართველოს წინსვლის გაუმჯობესებისთვის. ეს რეფორმები უკეთესი ეკონომიკისა და უკეთესი საარჩევნო პროცესის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ეს არის რეფორმები, რომელიც თითოეულ ქართველს შეეხება. ასე რომ, ძალიან კარგის ნიშანია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელმოწერა გადაწყვიტა.
კითხვა იმის შესახებ თუ რა ბედი ეწევა ამ დოკუმენტს, რადგან მმართველი პარტია არ აპირებს მასში განსაზღვრული რეფორმების გატარებას.
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმებისა, რომელთა გატარებაც საქართველოს სჭირდება. ამ საჭიროებაზე შეთანხმდნენ საქართველოს ლიდერები. ასე რომ, ეს რეფორმებიცა და რეფორმების გზამკვლევიც შესასრულებელია და ვიმედოვნებ, რომ მოხდება მათი განხორციელება და პარლამენტი სერიოზულად მიიღებს საქართველოს ლიდერების ამ გზავნილს – რომ ეს ის პრიორიტეტებია, რომელზეც მათ უნდა იმუშაონ, რათა ყველა ქართველის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
კითვა ევროკავშირის მიკრო-ფინანსირების გაუქმებასა და მმართველი გუნდის მიერ მასზე უარის თქმის შესახებ, რა გზავნილია ეს დასავლეთისთვის?
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ცოტა გაგვიკვირდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, შექმნილი მაღალი უმუშევრობის, სიღარიბის დონისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ამას გაითვალისწინებს. როგორც ვიცი, ეს დახმარება დაკავშირებული იყო მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის გატარებასთან და ეს ცხადი იყო ერთი წლის წინ, როდესაც დახმარების პაკეტის შეთანხმება ხდებოდა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის აუცილებლად გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. რა თქმა უნდა, მათი განხორციელება მარტივი არ არის, თუმცა იმედის მომცემია, რომ ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე გატარდა. ახლა მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა სხვა რეფორმა, მიუხედავად იმის იქნება ის მიბმული 75 მილიონი ევროს დახმარებასთან თუ არა. შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი [კონგრესის წარმომადგენლები] გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებად.
კითხვა სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა მეზობლური ურთიერთობა აღადგინოს საქართველოსთან
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ქართველებს კრემლიდან მსგავსი განცხადებები ბევრჯერ მოუსმენიათ. ამ განცხადებებს მეტი სანდოობა ექნებოდა მათ რეალური ნაბიჯები რომ მოჰყვებოდეს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანა, ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება და 2008 წელს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების რეალური შესრულება. მე არ მინახავს მსგავსი არცერთი ნაბიჯი და, უფრო მეტიც, ფრენების აკრძალვა ისევ ძალაშია და ბაზრის შეზღუდვაც ისევ მოქმედებს. ასე რომ, მგონი სანამ ქართველები რეალურ ქმედებებს არ დაინახავენ, კონკრეტულ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, კრემლიდან წამოსულ გზავნილებს წონა არ ექნება.