ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გუბერნატორ შალამბერიძესთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ ადგილობრივ ხელისუფლებასა და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მოქალაქეები ასრულებენ საკუთარი პრობლემებისა და პრიორიტეტების ადგილობრივ წარმომადგენლებთან მიტანასა და მათზე საპასუხო რეაგირების უზრუნველყოფაში. ასევე განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები და სამზადისი, რომელიც მიმართულია არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ, განსაკუთრებით COVID-ის პირობებში, რაც გამოწვევა იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რეგიონის განვითარებასა და სხვადასხვა მიმდინარე  პროგრამაზე, რომელიც, იმედია, მეტ სამუშაო ადგილსა და პერსპექტივას შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

კითხვა წინა საარჩევნო გარემოს შესახებ და როგორ დააკვირდება ამერიკის საელჩო ამ პროცესს?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ კმაყოფილი ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონის მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონში არ მოხვდა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებმა გავეცით, მან მაინც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა საარჩევნო რეფორმის კანონდმებლობა. ახლა მთავარია ეს კანონი ზედმიწევნით შესრულდეს და სრულად განხორციელდეს მომდევნო კვირებსა და თვეებში არჩევნების ჩატარებამდე, რათა ამომრჩევლებს ჰქონდეთ ზეწოლისგან თავისუფალი გარემო, თავისუფალი და სამართლიანი პირობები, რათა ისინი დარწმუნებული იყვნენ არჩევნების შედეგების სანდოობაში. ასევე, ვიტყოდი, რომ წარმატებული არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანია, რათა მათ კარგად იცოდნენ, განსაკუთრებით კი COVID-ის პირობებში, როგორ გააკეთონ არჩევანი უსაფრთხოდ, რა უფლებები აქვთ ხმის მიცემისას და კვლავ, რა მოლოდინები აქვთ მათ მიერ არჩეული ლიდერებისგან. 

კითხვა ოპოზიციური პარტიების მიერ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაზე და თუ შეაფერხებს ეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ბევრი თვალსაზრისით, ზუსტად ეს არის დემოკრატიული პროცესის არსი. ეს არის პარტიებს შორის ურთიერთშეთანხმება, ეს არის ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და პლატფორმების შექმნა, რომელიც ასახავს ხალხის პრიორიტეტებს, ასევე, აუხსნის მათ სხვადასხვა პარტიის განსხვავებულ მიდგომებს ამ პრიორიტებების წარმოდგენისა და საპასუხო ქმედებების შესახებ. ასე რომ, ვფიქრობ, ოპოზიციაში ამჟამად მიმდინარე შეთანხმების პროცესი არის ჯანსაღი. იმედია, ისინი მალე გადაერთვებიან საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, თუ რას მოუტანს მათ არჩევის შემთხვევაში, რადგან ეს არის ძირეულად მნიშვნელოვანი ოქტომბრის არჩევნებში. 

კითხვა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობს

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობთ ამერიკის საელჩოს მიერ რეგიონის ამ კულტურული საგანძურის აღდგენაში შეტანილი წვლილით. გუბერნატორმა და მე განვიხილეთ აქ არსებული სხვა მდიდარი კულტურული საგანძური, რომელთა ნაწილიც მოხვდება მუზეუმში, რომლის გახსნაც მალე იგეგმება, სხვების ნახვას კი მოუთმენლად ველი. ჩვენ ასევე ვამაყობთ იმ წვლილით, რომელიც აქაურ ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხის შექმნაში შევიტანეთ. ეს არის სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს უყრის თავს, არამედ აძლევს მათ საშუალებას განახორციელონ თავისი ინოვატორული იდეები და მოუთმენლად ველი დღეს იქ წასვლას. მადლობა.