ელჩმა კელიმ გორში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტები ინახულა (26 თებერვალი)

CCEელჩი კელი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორ დაგლას ბოლთან ერთად, გორში ჩავიდა. ისინი სასოფლო-სამეურნეო სერვიცების ცენტრ „აგროქართლსა“ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ-ის მთავრობის პროექტების ბენეფიციარებს შეხვდნენ. საერთაშორისო განვითარების სააგენტო „აგროქართლს“ სოფლის მეურნეობის წარმოების ეფექტურობის ზრდის პროგრამის (REAP) მეშვეობით აფინანსებს. „აგროქართლი“ სოფლის მეურნეობის ინვესტირებითა და ტექნიკური დახმარების საშუალებით, სოფლად შემოსავლისა და დასაქმების გაზრდას ცდილობს. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კიდევ ერთი პროექტია, ერთ-ერთი იმათ შორის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფინანსებს. ცენტრები საზოგადოების მეტ ინფორმირებულობასა და ჩართულობას უწყობენ ხელს. ისინი ნეიტრალური სივრცეებია, სადაც საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე ღია დებატების გამართვაა შესაძლებელი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უფასოა და ღიაა ნებისმიერი მოქალაქისა და ჯგუფისათვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური და სოციალური კუთვნილებისა. უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს განვითარებისთვის 1.5 მილიარდზე მეტი დოლარი დახარჯა. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავისუფალ და ძლიერ დემოკრატიად გარდაქმნას. პროექტები მოიცავს ინიციატივებს, რომელიც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.