ელჩი იან კელის მედია კომენტარი პარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ (12 მარტი)

Ambassador Kelly’s Comments to Media at Parliament’s Foreign Relations Committee. Photo: State Dept

ელჩი იან კელის მედია კომენტარი პარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ (12 მარტი)

 

შეკითხვა ელჩი კელის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან შეხვედრის შესახებ

ელჩი კელი: ძალიან მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს. ვისაუბრე ამერიკის პოლიტიკისა და ჩვენი მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ. კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბრეთ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას; აგრეთვე იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს მას დახმარება გაუწიოს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა რუსეთთან ურთიერთობა, რთული სიტუაცია სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე პარლამენტის მხარდაჭერა , რათა მან შეასრულოს არა მხოლოდ აუცილებელი წარმომადგენლობითი ფუნქცია, არამედ აგრეთვე ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის ქმედებებს. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ყოველი შეხვედრა სევდანარევია, ვინაიდან რამდენიმე კვირაში საქართველოდან მივემგზავრები. თუმცა, მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.

შეკითხვა საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან ტატუნაშვილის საქმეზე რეაქციის შესახებ

ელჩი კელი: ტატუნაშვილის საქმეზე არსებობს ორი ძირითადი მიმართულება. პირველი ჰუმანიტარულ საკითხს უკავშირდება. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ოჯახი ვერ იბრუნებს მის ცხედარს და არ აქვს შესაძლებლობა წესისამებრ მიაგოს მას პატივი. პირადად ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ფერხდება ცხედრის გადმოცემის პროცესი. მეორე მიმართულება უფრო პოლიტიკური ხასიათისაა, კერძოდ კი ანგარიშვალდებულების საკითხს შეეხება. საჭიროა დადგინდეს სიმართლე, გარდაცვალებების გარემოება, ჩატარდეს გამოძიება და დადგეს ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეში პასუხისმგებლობის საკითხი. ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი მკვლელობის ფაქტი, სადაც ასევე უგულებელყოფილი იყო პასუხისმგებლობის საკითხი – ვგულისხმობ ბატონი ოთხოზორიას მკვლელობას. ამდენად, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებს ზედმიწევნით აკვირდება. გაუგებარია, თუ რატომ არ დგება ანგარიშვალდებულების საკითხი და და უგულებელყოფილია ამ საკითხის ჰუმანიტარული მხარე.

შეკითხვა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეებზე პარლამენტის რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ

ელჩი კელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს პარლამენტის რეაგირება მოყვეს. ეს რეაქცია, ვფიქრობ, უფრო ეფექტური ორპარტიულობის შემთხვევაში იქნება. ამასთანავე, აქცენტი ცალსახად პასუხისმგებლობაზე უნდა გაკეთდეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მხარს ვუჭერთ პარლამენტისა და მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას.