ელჩი კელის კომენტარი მედიასთან აშშ-ის ხომალდ „Oak Hill“-ის ვიზიტისას (18 მარტი)

Ambassador Ian Kelly on board of USS Oak Hill

შეკითხვა აშშ-ის ხომალდ „Oak Hill”-ის ბათუმში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ

ელჩი კელი: ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „Oak Hill“-ი ყველაზე დიდი ხომალდია, რომელიც ოდესმე შემოსულა ბათუმში. ხომალდი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქმედითუნარიანობის ერთგვარი სიმბოლოა. იგი წარმოადგენს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტს, არამედ გახლავთ ამერიკის საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო დანაყოფის ნაწილი. ჩემთვის დიდი პატივია ხომალდის მიღებაზე დასწრება და გული მწყდება, რომ ეს ჩემი საქართველოში ყოფნის ბოლო კვირაა.

შეკითხვა პრეზიდენტ მარგველაშვილის ამერიკაში ვიზიტისა და მისი თხოვნის შესახებ ამერიკული ხელისუფლებისადმი, რათა სტიმული მიეცეს საქართველოსათვის მხარდამჭერი ქმედებების ინიცირებას

ელჩი კელი: ვფიქრობ, პრეზიდენტს ვაშინგტონში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა როგორც კონგრესთან, ასევე ექსპერტთა წრესთან. გუშინ თუ გუშინწინ, იგი თეთრ სახლში შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ბატონ მაკმასტერს. მიმაჩნია, რომ ამერიკის კონგრესი ძალიან ძლიერ, ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. რა თქმა უნდა, მე პრეზიდენტსა და აღმასრულებელ შტოს წარმოვადგენ, თუმცა, ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ორპარტიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მხარდაჭერისაკენ იქნება მიმართული.

შეკითხვა რუსული საპრეზიდენტო არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებისა და საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთზე მიღებული რეზოლუციის შესახებ (იგულისხმება ტატუნაშვილის საქმე)

ელჩი კელი: პირველ შეკითხვაზე მოგახსენებთ: ჩვენ არ ვცნობთ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ძალაუფლებას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. ცხადია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რუსეთის სანქცირებისა თუ მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. მეორე საკითხის შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომ გასულ კვირას ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავჯდომარესა და პროდასავლური ოპოზიციის წამყვან წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არის ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების გამო პასუხისგებაში მიცემის საკითხი. ამერიკაში ჩვენი საკუთარი მექანიზმები გაგვაჩნია. პარლამენტის თავჯდომარეს შევთავაზე კონგრესში შესაბამის პირებთან დაკავშირება, რათა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დამრღვევებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

შეკითხვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მოვლენათა განვითარების შესახებ, საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერის ზრდის პირობებში

ელჩი კელი: ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ამჟამინდელი ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობაში, რაც რეგულარული, სტრუქტურიზებული საუბრებისა და დიალოგის წარმოებას გულისხმობს. ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს მოსახლეობაში არსებულ უკმაყოფილებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შესაბამისი პროგრესის არარსებობის გამო. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობის სურვილს ჟენევაში უფრო ნაყოფიერი დისკუსიები ჩატარდეს. მოუთმენლად ველით, შევიტყოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან, თუ როგორ შეუძლია ამერიკას დახმარება.