ელჩი კელის კომენტარი მედიასთან წიგნების გადაცემის ცერემონიაზე (21 მარტი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან წიგნების გადაცემის ცერემონიაზე (21 მარტი)

 

შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი: ჩვენ გვსურდა მადლობა გადაგვეხადა საქართველოსთვის და ამ ბიბლიოთეკისთვის. სწორედ ამიტომ, მე და ფრანჩესკამ გადავწყვიტეთ საჩუქარი გაგვეკეთებინა აღნიშნული ბიბლიოთეკისათვის.მოგეხსენებათ, მარტი ქალთა ისტორიის თვეა. შესაბამისად, შევარჩიეთ საუკეთესო ქალი ავტორები, რომლებიც ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდნენ. ამით გვსურდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმისათვის, თურაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალები ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კრებულით ქართველი მკითხველიც ისარგებლებს.

შეკითხვა კარასინის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე ძალის არგამოყენების დეკლარაციის დოკუმენტს ყველა მხარე მოაწერს ხელს

ელჩი კელი: როდესაც საკითხი ეხება დაპირებას ძალის არგამოყენების შესახებ, აუცილებელია ნდობის არსებობა. სამწუხაროდ, ცხინვალის ხელისუფლების ქმედებები ამგვარ საფუძველს არ იძლევა. ისინი კვირების განმავლობაში აყოვნებდნენ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისათვის გადმოცემას, რაც ნამდვილად შემაძრწუნებელი ფაქტია. ცხადია, ამგვარი ქმედებები ხელს უშლის ზოგადად ნდობის ჩამოყალიბებას, მის განმტკიცებასა და კონფლიქტის მოგვარებას. რა თქმა უნდა, ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩვენ გვაქვს პროგრესისა და ურთიერთშეთანხმების იმედი, თუმცა ამგვარი საზარელი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტისმშვიდობიანი გადაჭრისა და მხარეებს შორის ნდობის ხელშეწყობას.

შეკითხვა განხილვებში რუსეთის როლის შესახებ

ელჩი კელი: მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვცნობთ რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთისაქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტ ძალას წარმოადგენს. ამდენად, მას აქვს თავისი წილი როლი და პასუხისმგებლობა. ცხადია, რუსეთს დიდი სამხედრო ძალა გააჩნია აღნიშნულ ტერიტორიებზე. ჩვენ მათგან ისეთ ქმედებებს მოველით, რომლებიც განტვირთავენ ოკუპაციითა და საზღვრების გადმოწევით წარმოშობილ დაძაბულობას. ასე რომ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ ვითარებაში რუსეთს ძალზე მნიშვნელოვანი როლი აქვს.

დეკლარაციის რომელ ნაწილზე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთი ამერიკასთან?

ელჩი კელი: დიპლომატიაში არსებობს გამოთქმა: ,,ყველაფერზე შეთანხმებამდე არაფერია შეთანხმებული“. მანამ, სანამ ყველა მხარე არ შეთანხმდება აღნიშნულ ტექსტზე, ვერ ჩავთვლით, რომ რაიმე შეთანხმება არის მიღწეული. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ტექსტი და ველით მოვლენების განვითარებას ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად შეთანხმებული ტექსტი არ არსებობს.

როგორი იქნება თქვენი რჩევა საქართველოს მთავრობისათვის? უნდა დაეთანხმონ თუ არა ისინი აღნიშნულ ტექსტს?

ელჩი კელი: ყოველივე დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე. თუკი შეთანხმება პროგრესს, დაძაბულობის შემცირებას, რუსეთის მიერ დაწესებული ხელოვნური საზღვრების მოხსნას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და ნდობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მაშინ ჩემი პასუხია – დიახ. თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ  შეთანხმების ამჟამინდელი ფორმა ამგვარ შინაარს შეიცავს. თუმცა, ჩვენ ერთად ვითანამშრობლებთ ჟენევის სხვადასხვა მონაწილეებთან, რათა შევიმუშავოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ყველა მხარის ინტერესში შედის და ითვალისწინებს ძალის არგამოყენების პირობას.

შეკითხვა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

ელჩი კელი: ცხადია, აღნიშნული სამართლებრივი საკითხია. დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრის გამოთქმისათვის ფიზიკური თავდასხმა და ძალადობის მუქარა დაუშვებელია. ეს განსაკუთრებით ეხება მედიისწარმომადგენლებს, რომელთაც მეტი დაცვა ესაჭიროებათ, იმ მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი პრესის თავისუფლებაში ასრულებენ. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადგება პასუხისმგებლობა და დაიწყება გამოძიება.