ელჩი კელის კომენტარი მედიასთან დასაქმების ფორუმზე (18 ნოემბერი)

აშშ-ის ელჩი კელი გამოსვლის დროს. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან დასაქმების ფორუმზე (18 ნოემბერი)

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით
ელჩი კელი:
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს და მის ასოციაციას იმისთვის, რომ მომიწვიეს ამ ღონისძიებაზე. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს განათლებული ახალგაზრდების დაკავშირებას დამსაქმებელთან, რომელთაც შეუძლიათ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა და ერთობლივად საქმის კეთება საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. დღევანდელი ღონისძიება ტარდება გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ არის ჩვენი მცდელობა შევქმნათ უკეთესი მომავალი საქართველოსთვის.
კითხვა კანადაში გამართული უსაფრთხოების სამიტის და იენს სტოლტენბერგის განცხადების შესახებ, რომ ნატო ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში
ელჩი კელი:
მე ჯერ არ მქონდა საშუალება გავცნობოდი ბატონი სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თუმცა ის რაც თქვენგან მოვისმინე აბსოლუტურ თანხვედრაშია აშშ-ის პოზიციასთან. ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან მოყოლებული ჩვენ სტაბილურად მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. როგორც აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, პატონმა მაიკ პენსმა განაცხადა, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდში მანამ სანამ ის ნატოს წევრი ქვეყანა არ გახდება. რა თქმა უნდა, ნატოს წევრობისთვის აუცილებელია ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი, თუმცა ამერიკა მუდამ საქართველოს მხარდამჭერი იქნება.
კითხვა რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაციის შესახებ
ელჩი კელი:
ამასთან დაკავშირებით გუშინაც გავაკეთე განცხადება. ჩვენ ამ ქმედებებს ვაფასებთ როგორც ძალიან რეგრესიულ, უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯებად. ჩვენ ნებისმიერი ბორდერიზაციის შემთხვევას მივიჩნევთ უკანონოდ, რადგან საერთოდ არ ვცნობთ ამ საზღვრებს და, რა თქმა უნდა, არანაირ ღობეებსა თუ ბარიერებს არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.
კითხვა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ კრიტიკული შეფასებების შესახებ
ელჩი კელი:
რა თქმა უნდა, მე კომენტარს არ გავაკეთებ რომელიმე კონკრეტული მთავრობის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზე, თუმცა გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ბატონ ნანუაშვილს, რადგან ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ხელისუფლებას აქვს გარკვეული ძალაუფლება, თუმცა ასევე აუცილებელია ჰყავდეს ინსტიტუტები, რომლებიც მათ პასუხისმგებლობას გააკონტროლებს. მნიშვნელოვანია არსებობდეს დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველი, რომელიც არის ერთგვარი მედიატორი მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის ოფისს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სახალხო დამცველიც დამოუკიდებელი და პატიოსანი იქნება.