ელჩი კელის კომენტარი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (27 ნოემბერი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ (27 ნოემბერი)


კითხვა შეხვედრის შესახებ

ელჩი კელი: დღევანდელი შეხვედრა გაიმართა ჩვენი ინიციატივით. გვაინტერესებს რა გეგმებია დასახული სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღისთვის. ჩვენ გვინდა, რომ [საქართველოს] დავეხმაროთ და ეს თანადგომა იყოს მორგებული კონკრეტულ საჭიროებებზე. იმისათვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყოს უფრო ეფექტური, USAID-ის მიერ ტექნიკური დახმარების გარდა ვმუშაობთ იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობითაც. ჩვენ განვიხილეთ კონსტიტუციაში საარჩევნო ცვლილებების შეტანის საკითხი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პარლამენტის დაკავებულმა გრაფიკმა მომდევნო კვირების მანძილზე, დღის წესრიგი გადატვირთულია მთავრობის სტრუქტურიზაციითა თუ სხვა საკითხებით. რაც შეეხება ომბუდსმენის საკითხს, თქვენც იცით, რომ გვსურს საქართველო იყოს წარმატებული, გამჭვირავლე და ანგარიშვალდებული დემოკრატიული ქვეყანა, ამისთვის კი სახალხო დამცველის პოზიცია აბსოლუტურად ფუნდამენტურია. სახალხო დამცველის ქმედითუნარიანობისათვის, აუცილებელია მისი სრული დამოუკიდებლობა და პატიოსნება. მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან მრავალი კონსულტაცია გაიმართა და ერთიანი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებული კანდიდატის მიმართ გამოიკვეთა. მთავრობის დამოკიდებულება [ამ საკითხისადმი] იმედის მომცემია და ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი სახალხო დამცველის დასახელებას მიმდინარე კვირაში.

კითხვა, არის ჩართული ამერიკული მხარე ისანში ჩატარებული სპეც-ოპერაციის გამოძიებაში?

ელჩი კელი: საქართველოს მთავრობას მივანდობ განაცხადონ თუ რა სახის დახმარება აღმოუჩინა ამერიკულმა მხარემ. ჩვენ მათ შევთავაზეთ და უკვე გავუწიეთ კიდეც გარკვეული ტექნიკური დახმარება. ცხადია, რომ საერთაშორისო ტერორიზმის საკითხი ყოველ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. საქართველო ჩვენი პარტნიორია და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ მას.

კითხვა, რა არის მთავარი გამოწვევები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში?

ელჩი კელი: ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა არის ინფორმაციის გაცვლა. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ინფრომაცია და ვითანამშრომლოთ მსგავსი ოპერაციების გამოსააშკარავებლად, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი შემზარავი ტერორისტული აქტები, როგორიც მაგალითად ეგვიპტეში ვნახეთ. ამდენად, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვმუშაობთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკასა და საქართველოს შორის ძალაინ ნაყოფიერია.

კითხვა, როგორ მოახერხა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფმა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა?

ელჩი კელი: კარგი შეკითხვაა. დიახ, ჩვენც და საქართველოს მთავრობასაც მრავალი შეკითხვა გაგვიჩნდა. პირველ რიგში, აუცილებელია ასი პროცენტით დავადასტუროთ, რომ ეს ნამდვილად იყო აჰმედ ჩატაევი. მომავალშიც ბევრი შეკითხვა გვექნება და მზად ვიქნებით ვითანამშრომლოთ, რათა გამოვიკვლიოთ მეტი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით.

კითხვა, იყო ჩართული ამერიკული მხარე სპეც-ოპერაციის დღეს?

ელჩი კელი: ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიცი. ჩვენც აქ ვცხოვრობთ და გვინდოდა გაგვეგო რა ხდებოდა, ამიტომაც ვსვამდით კითხვებს და ვიღებდით პასუხებს, თუმცა მეტი არაფერი ვიცი. ეს იყო ქართული ოპერაცია.

კითხვა, არის აშშ ჩართული გამოძიებაში?

ელჩი კელი: დიახ, და ისევ გავიმეორებ, რომ ჩვენი დახმარების დახასიათებას ქართულ მთავრობას მივანდობ.

კითხვა, დახმარება ხდება ექსპერტებით თუ სპეციალური ძალებით?

ელჩი კელი: ექსპერტებით.

კითხვა, FBI-ის ექსპერტებით?

ელჩი კელი: დიახ, FBI-ის ექსპერტებით. მაგრამ კვლავაც განვაცხადებ, რომ ქართული მთავრობა მოგაწვდით ინფორმაციას დახმარების ხასიათის შესახებ.