ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გახსნის ცერემონიაზე (1 დეკემბერი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გახსნის ცერემონიაზე (1 დეკემბერი)


კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

ეს არის ჩემი რჩეული პროექტი. უკვე მეოთხე წელია აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება ათასწლეულის ინოვაციის ჯილდოს კონკურსი. მე მონაწილეობა მივიღე წინა სამ ინაუგურაციის ღონისძიებაში და ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა რასაც საქართველოში ვეწევით, რადგან პროექტი პირდაპირ ეხება ამ ქვეყნის მომავალს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველო დასავლური ერების ოჯახის წევრი გახდეს და ამისთვის საჭიროა 21-ე საუკუნის საინფორმაციო ეკონომიკაში ჩართულობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაფინანსეთ სამეცნიერო მიმართულების: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) განათლება 140 მილიონი დოლარით. ეს მხოლოდ ნაწილია ჩვენი დიდი ძალისხმევისა, რომ ქართველი ახალგაზრდები დავაინტერესოთ მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით.

კითხვა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით [იგულისხმება 21-22 ნოემბერს ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია]

ელჩი კელი:

პირველ რიგში, რომ გიპასუხოთ გამოძიებაში ჩვენს ჩართულობაზე, გეტყვით, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ვერ ვისაუბრებ ჩვენი ჩართულობის კონკრეტულ დეტალებზე. გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ექსპერტები ჩამოვიდნენ. როგორც ვიცი, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამართავს პრეს-კონფერენციას და ჩვენ ველით თუ რას იტყვიან ისინი. რაც შეეხება შსს მინისტრის განცხადებას, მე არ მინახავს ეს განცხადება და ჩვენ ველით მეტ ინფორმაციას ამ საქმეზე. ცხადია, ჩვენ გვაქვს კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ ეს ინდივიდები საქართველოში. გვესმის, რომ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და, რა თქმა უნდა, შსს-თან და სუს-თან ერთად ვმუშაობთ, რათა მივიღოთ მეტი ინფორმაცია. მადლობა.