ელჩი კელის კომენტარი მედიასთან კონფერენციაზე „საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოში“ (13 თებერვალი)

Ambassador Kelly at Parliamentary Oversight Presentation. Photo: State Dept

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან კონფერენციაზე „საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოში“ (13 თებერვალი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი: მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში. ძალიან ვაფასებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ ანალიზს ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ძლიერ და მტკიცე დემოკრატიას საქართველოში, ხოლო ამის მისაღწევად აუცილებელია საპარლამენტო ზედამხედველობა, საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით კი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოგეხსენებათ, რომ ყველა ქვეყანაში აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს საკმაოდ დიდი უფლებამოსილება და აუცილებელია, რომ პარლამენტმა უზრუნველყოს კონტროლის მექანიზმებით ამ ძალის დაბალანსება. შესაბამისად, ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ამ მიმართულებით განვითარებაში.

კითხვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ექსტრადირების შესახებ

ელჩი კელი: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ზედმიწევნით დაცული სამართლიანი პროცესი არამხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, არამედ ყველა მოქალაქის მიმართ. რომ გიპასუხოთ კითხვაზე თუ რა გავლენა ექნება ამ მოვლენებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესზე, გეტყვით, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის რომ საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური ქვეყანა. ვფიქრობ რომ საქართველომ მთელი რესურსი ამ მიზნის მისაღწევად უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი ხალხის კეთილდღეობა მომავალში. სხვა მიმართულებით ყველა გადაწყვეტილება საქართველომ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს რადგან არის სუვერენული ქვეყანა.

კითხვა Heritage Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ

ელჩი კელი: თავად ანგარიში მხარს უჭერს საქართველოს წევრობას NATO-ში და იგი ძალიან კარგად განსაზღვრავს, თუ რატომაა ეს ამერიკისა და ევროპის ინტერესებში. ანგარიშში გაკეთდა გარკვეული რეკომენდაციები იმ პრაგმატული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შეიძლება გადაიდგას, რომ საქართველომ მოიპოვოს NATO-ს წევრობა. მოგეხსენებათ, NATO-ში გასაწევრიანებლად აუცილებელი პირობაა ყველა წევრის თანხმობა. ამ კვლევამ გარკვეულწილად სტიმული მისცა დისკუსიის დაწყებას, თუმცა მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი საქართველოს მხარდაჭერაა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საინტერესო იყო ანგარიშში მოცემული მოსაზრებები, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს შესვლას NATO-ში ამ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებით. მოდით, წინ ნუ გავსუწრებთ მოვლენებს.