ელჩ როს უილსონის განცხადება მედიისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ (9 ნოემბერი)

Ambassador Ross Wilson (left) meets Foreign Minister of Georgia David Zalkaliani. Photo: MFA Georgia

ელჩ როს უილსონის განცხადება მედიისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ (9 ნოემბერი)

ელჩი როს უილსონი, აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული: მოგესალმებით. მსურს მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ შემხვდა ჩემი საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეს. ვფიქრობ, შესანიშნავი საუბარი გვქონდა, რამაც გამაცნო, ან ხელახლა გამაცნო საქართველოს შეხედულებები შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვან რიგ საკითხებზე. ბედნიერი ვარ ამ ქვეყანაში დაბრუნებით. 40 წლის განმავლობაში მქონდა მიმოსვლა საქართველოში. ვნახე და ახლაც ვხედავ იმ უდიდეს მიღწევებს, რასაც საქართველომ, როგორც სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანმა და სტაბილურმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და წარმატების კონსოლიდაციით მიაღწია.

მსურს, აღვნიშნო, რამდენად დიდი პატივია, რომ სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და მისმა გუნდმა ვაშინგტონში შეერთებული შტატების, აშშ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს მომავლისთვის ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში მთხოვეს ამერიკის მისიის ხელმძღვანელობა. ჩემი დანიშვნა ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას და მისი წარმატების ერთგული რჩება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ელიზაბეთ რუდის ხელმძღვანელობის პირობებში საელჩომ არაჩვეულებრივად იმუშავა. ვფიქრობ, ჩემი როლი ამ სამუშაოს გაგრძელება, აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა იქნება. ჩემი საქმიანობით ვეცდები, დავეხმარო ამ ქვეყანას, გადაჭრას პრობლემები, მათ შორის ის საკითხები, რაც მინისტრთან საუბრისას განვიხილეთ. ჩემი ქვეყანა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და განსაკუთრებით მის ტერიტორიულ მთლიანობას. დიდი მადლობა!