Flag

An official website of the United States government

კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელი ოძისის მონახულებისას (30 აპ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აპრილი 30, 2020

Two women outside, one speaking into a microphone the other is holding
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

 

კითხვა ვიზიტის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ჩემი პირველი შესაძლებლობა, მოვინახულო საოკუპაციო ხაზი და ნამდვილად ვაფასებ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ნახვის შანსს. უნდა ვთქვა, რომ ჩემი თვალით უკეთ დავინახე იმ ადამიანების განცალკევების ტრაგედია, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ამ ლამაზ სოფლებში. ეს ძალიან გულსატკენია. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, როდესაც ვხედავ თუ რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, უფრო ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, უკან გაიწვიოს სამხედროები და დაემორჩილოს იმ ხელშეკრულების ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოაწერა და დაეთანხმა. ახლანდელი ბორდერიზაციის საკითხი შემაშფოთებლად მიმაჩნია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მინდოდა აქ მოსვლა და ჩემი თვალით ნახვა თუ რა ხდება, განსაკუთრებით COVID-ის დროს, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ბორდერიზაციით დამატებითი საფრთხეების შექმნა, უბრალოდ, არაადამიანურია. როგორც ვიცი, სექტემბერში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ჩაკეტვის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის სულ მცირე 13 მკვიდრი გარდაიცვალა, რომელთა გადარჩენაც მოხერხდებოდა, რომ შესძლებოდათ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. ასე რომ, ძალიან გულსატკენია მსგავსი პოლიტიკურად მილიტარიზებული სიტუაციის ნახვა. ასევე, ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციით, რასაც ვკითხულობ, რომ ჰაკერები და სხვა უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას, როდესაც ისინი იღწვიან იმ პანდემიის გასაკონტროლებლად, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. ვფიქრობ, ყველამ დაინახა ქართველების დაქვემდებარებაში არსებული და ქართველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ მართული ლუგარის ლაბორატორიის შესანიშნავი საქმიანობა დიაგნოსტიკური ტესტირებისა და საზოგადოებისა და ხელისუფლების სწორი სამედიცინო ინფორმირების საქმეში, რის შედაგადაც ქართველმა ხალხმა გონივრული გადაწყვეტილებებით შეძლო ვირუსის შეკავება. ასე რომ, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა არის უბრალოდ ტყუილი და უპასუხისმგებლობა, და ძალიან ვწუხვარ, როდესაც ამას ვხედავ. თუმცა, დღეს აქ ყოფნა და საქართველოს ამ მშვენიერი ნაწილის ნახვა შესანიშნავია. მადლობა.