Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ქუთაისის აეროპორტში Subway-ს გახსნაზე
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აგვისტო 1, 2023

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ქუთაისის აეროპორტში Subway-ს გახსნაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები ქუთაისის აეროპორტში Subway-ს მერვე რესტორნის გახსნას. მთელ საქართველოში სულ რვა ფრენშაიზინგია. ეს უკანასკნელი ამ აეროპორტში არის მეორე Fresh-Forward Subway. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში გაიხსნა ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული ბრენდი, როგორიცაა Subway. ამერიკის საელჩომ ბევრ ამერიკულ კომპანიას გაუწია დახმარება ქართველი პარტნიორების მოძიების საქმეში ისე, რომ მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩაიდო საქართველოში. ეს ყოველივე ქმნის კარგ სამსახურებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ქუთაისსა და საერთოდ იმერეთის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ახლა [Subway] ქუთაისის აეროპორტშიც არის.

ეს აეროპორტი მართლაც რომ საერთაშორისო ჰაბია, რომელიც მილიონობით ტურისტს უყრის თავს საქართველოში, რათა მოინახულონ ეს უმშვენიერესი ქვეყანა. აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ დასაქმებულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ ბრენდებსაც გაუწიეს მარკეტინგი.

ასე რომ, ხალხი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და მისი მეშვეობით მთელ საქართველოს. ჩვენ ასევე განვიხილავთ საჰაერო ხომალდების მოვლა-შეკეთების მიმართულებით ოპერაციების შესაძლო გაფართოებას. და ბოლოს, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ქუთაისის აეროპორტს, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირების კერას, იქნება ეს მოცვი, ჟოლო თუ სხვა უგემრიელესი პროდუქტები, რომელიც მოჰყავთ მთელ რეგიონში. ასე რომ, ეს შესანიშნავი დღეა ამერიკასა და საქართველოს შორის კავშირის გასამყარებლად ისეთი ცნობილი ბრენდის მეშვეობით, როგორიც არის Subway, რომელიც სამუშაო ადგილებსა და ხელსაყრელ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ჰპირდება მთელ რეგიონს.

კითხვა საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლას

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: რას ვფიქრობ მე, არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი. არავინ უნდა მოელოდეს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, რომელიც ხელოვნური გამყოფი ხაზებით ყოფს და აშორებს ოჯახებს, და რომელიც იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს ხანდახან თვეობითაც ამყოფებთ მათ ტყვეობაში. არავინ უნდა მოელოდეს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნის ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა ზღვით შემოვლენ ისინი თუ ხმელეთით. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი შეხედულება, რომ ეს მათ არ სურთ. ისინი იყენებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ [გემის ვიზიტი]. სწორედ ამას გულისხმობს დემოკრატია და ეს უფლებაა დაცული საქართველოს კონსტიტუციით.

კითხვა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა ქართველი ათლეტს მონაწილეობა ზაფხულის საუნივერსიტეტო ასპარეზობაში ქალაქ ჩენდუში. სასიხარულო იყო ქართული დროშის ხილვა საერთაშორისო შეჯიბრზე.

რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, საქართველოს მთავრობის არჩევანია თუ რა სახის ურთიერთობას დაამყარებს ის ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა უარს ამბობს “ერთი საერტყელი, ერთი გზის” ინიციატივაში ჩართვაზე, რადგან დარწმუნდნენ, რომ ეს სიტემა უსარგებლოა მათთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს ამ შანსის გამოყენებას, იმედია მისთვის სარგებლის მომტანი იქნება. როგორც ჩანს, მნიშნველოვანი ვიზიტი იყო საქართველოსთვის მისი სამომავლო პარტნიორების შერჩევის კუთხით. აშშ კვლავ დარჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად, როგორც ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ხდება. ამ პარტნიორობამ ძალიან დადებითი ხელშესახები შედეგები გამოიღო.

კითხვა სააკაშვილის საქმეზე ლობისტების გავლენასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: კითხვა, ვფიქრობ, უბრუნდება განსხვავებას კრემლის მიერ შთაგონებულ კანონსა და ამერიკულ კანონს შორის, პირველი საქართველომ უარყო მარტში, რადგან ის მიმართული იყო ქართული საზოგადოების კეთილდღეობისთვის მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოებების წინააღმდეგ, ხოლო ამერიკული კანონი ეხება იურიდიულ კომპანიებსა და ლობისტებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ არიან დაქირავებული და მათ ემსახურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩვენ ვხედავთ რუსული სტილის კანონის გავლენას [რუსეთში], რომელმაც რუსეთისთვის სასიკეთოდ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება განდევნა, უმეტეს მათგანს დახურვა ან გაქცევა მოუწია. სწორედ ეს იყო მიზანი იმ კანონისა, რომელიც ხალხმა მარტში უარყო. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში კანონისა და რეგულაციების მიხედვით არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი. დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გამოქვეყნებულია მათ ვებ გვერდებზე, თუ ვინმეს მათი ნახვა სურს, შეუძლიათ აქ ნახონ. ამიტომ, არამგონია ეს კანონი რეალურად მათ გამჭვირვალობაზე იყო მიმართული. მადლობა!