სხვა და სხვა სექტორში მოღვაწე ქართველი საქმოსნები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბენჯამინ ზიფს შეხვდნენ. ამერიკულ კუთხეში გამართული ნახევარდღიანი თავყრილობა ამერიკელ საქმოსან ბერნის რედლთან ვიდეოკონფერენციით დაიწყო. ის უძრავი ქონების კომპანია „ბაფალავის“ დამფუძნებელია. ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ზიფთან ახალგაზრდა საქმოსანთა მრგვალი მაგიდა მოჰყვა. განხილვაში ბათუმელი, ზუგდიდელი, თელაველი და წეროვნელი სტუდენტები ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეობდნენ. მოგვიანებით შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შემოუერთდნენ. ისინი ქალ საქმოსნებზე გადაღებული ფილმის ჩვენებასა და მის განხილვას დაესწრნენ.