აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უეს მიტჩელის განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ (30 აპრილი)

Assistant Secretary Dr. A. Wess Mitchell (left) with Minister of Foreign Affairs Mikheil Janelidze. Photo: State Dept

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უეს მიტჩელის განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ (30 აპრილი)

 

მადლობა მინისტრო ჯანელიძე კეთილი სიტყვებისთვის. მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსვლა მაშინ, როდესაც NATO-ს მინისტერიალი მიმდინარეობს. ჩამოვედი რათა ჩამომეტანა ძალიან მკაფიო და პირდაპირი გზავნილი: – ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, მის მისწრაფებას გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და გააგრძელოს რეფორმები და ეკონომიკური განვითარება, რასაც ასე წარმატებით ართმევს თავს. ჩვენ ვუახლოვდებით საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავს და საქართველოში მომხდარი ომის 10 წლისთავს. ჩემი აზრით, ახლა მნიშვნელოვანი მომენტია იმისათვის, რომ გავაანალიზოთ წარსული და ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დასავლეთისკენ სწორებას.

მე და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე უსაფრთხოების საკითხებში, განვიხილეთ ის უზარმაზარი წვლილი და მსხვერპლი, რომელიც საქართველომ გაიღო ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების დროს. მე მას [მინისტრს] ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მადლობა გადავუხადე იმ წვლილისათვის რაც ქართველმა ხალხმა შეიტანა ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომდევნო NATO-ს სამიტის შესახებ და ერთმანეთს გავაცანით ის მიმდინარე ქმედებები რაც საქართველოსა და NATO-ს პარტნიორობის გასამყარებლად სამიტზე იქნება განხილული. მინდა გითხრათ, რომ მინისტერიალზე NATO-ს მოკავშირეებს შორის იყო სრული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია NATO-ს წევრობისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში. ასევე, მინისტერიალზე სრულიად ნათელი იყო, რაც დღეს უკვე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. ჩვენ ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ.