Flag

An official website of the United States government

საინფორმაციო ბრიფინგი სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში მოგზაურობის შესახებ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 13, 2020

ქვემოთ მოცემული ტექსტი არის ამონარიდი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ გამართული საინფორმაციო ბრიფინგიდან, რომელიც 13 ნოემბერს ტელეკონფერენციის სახით გაიმართა. ბრიფინგზე განხილულ იქნა მდივან პომპეოს მოგზაურობა საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარსა და საუდის არაბეთში. ბრიფინგის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

თქვენთვის ცნობილია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში სახელმწიფო მდივანი პომპეო გაემგზავრება პარიზში, სტამბოლსა და თბილისში…. სტამბოლიდან ჩვენ გავემგზავრებით საქართველოში, რათა შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. სახელმწიფო მდივანს ასევე ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს. ეს ხანმოკლე შეჩერება რელიგიური თავისუფლების თემაზე იქნება.

საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცებაში. სხვათა შორის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 16 მანდატისთვის, როგორც ვიცი, 21 ნოემბერს გაიმართება. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესები და საქართველოს მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დაბოლოს, მდივანი შეხვდება საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ადამიანისა და ეკონომიკური უფლებების პატივისცემისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესახებ, როგორც თავისუფალი სასამართლო პროცესის ნაწილისა ქართულ დემოკრატიაში.