როს უილსონის კომენტარი მედიასთან უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილეზე (17 დეკემბერი)

როს უილსონის კომენტარი მედიასთან უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილეზე (17 დეკემბერი)

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის 125 წლის იუბილეს აღსაღნიშნ ღონისძიებაში. ეს ინსტიტუტი არის ამერიკის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი. ის სამუშაო რასაც ეს კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ასრულებს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფექციური დაავადებების, ანტიმიკრობულ მედიკამენტებზე რეზისტენტობის მონიტორინგისა და სამედიცინო სფეროში შესაძლებლობების ზრდის კუთხით. ცხადია, ეს ინსტიტუტი წარმოაჩენს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, როგორც წარმატებული, განვითარებული, ჯანსაღი ქვეყნისა, რომელიც არის თავისუფალი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი.

კითხვა ინაუგურაციასთან და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: აშშ მოხარულია და ამაყობს, რომ მონაწილეობა მიიღო ინაუგურაციის ცერემონიალში. ჩვენს დელეგაციას წარმოადგენდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკვე 25 წელია ასრულებს წამყვან როლს საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოცილური განვითარებისა პროცესში. ორივემ, USAID-ის წარმომადგენელმა, ბროკ ბირმანმა და მე მივულოცეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ინაუგურაცია და აღვნიშნეთ თუ რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუშინ განვითარებულ სხვა მოვლენებს, რა თქმა უნდა აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ უფლებების განხორციელებას მშვიდ გარემოში და მშვიდობიანი გზით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ვნახეთ გუშინ – რას ეუბნება ეს კადრები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს მეგობრებს მსოფლიოში ამ ქვეყნის დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს სიმშვიდისაკენ, გააგრძელოს წინსვლა ამ არჩევნების შემდეგ და შეასრულოს მნიშვნელოვანი სამუშაო ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერებისათვის.

შეკითხვა სენატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ვფიქრობ ეს ყველაფერი ცხადყოფს რომ ამერიკაში საქართველოს აქვს ფართო ორპარტიული მხარდაჭერა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს საბაზრო ეკონომიკისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. სენატი და წარმომადგენელთა პალატა თავისი მოქმედებით უკვე მრავალი წელია გამოხატავს ამ ერთგულებას და მხარდაჭერას.