აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი MCC-ის მიერ რეაბილიტირებულ ქუთაისის #17 სკოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო (5 დეკემბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი MCC-ის მიერ რეაბილიტირებულ ქუთაისის #17 სკოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი MCC-ის მიერ რეაბილიტირებულ ქუთაისის #17 სკოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო (5 დეკემბერი)

 

5 დეკემბერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ქუთაისში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით გარემონტებული #17 სკოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ქუთაისის #17 სკოლა, რომელშიც 1400-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, MCC-ის მიერ რეაბილიტირებული სკოლების მესამე და ფინალური ფაზაში, 2019 წლის ივლისში გარემონტდა. ეს სკოლა არის იმ 91 სკოლიდან ერთ-ერთი, რომელიც გარემონტდა „სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აქტივობის“ $54 მილიონ დოლარიანი პროგრამის ფარგლებში. MCC-მა დააფინანსა სრული მასშტაბის შიდა და გარე რემონტი, სკოლებში ასევე მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებიც. საქართველოს მთავრობამ გამოყო ავეჯი, საინფორმაციო ტექნოლოგიური მოწყობილობები და ჩაატარა სკოლის შენობისთვის საჭირო გარე სამუშაოები.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ათასწლეულის გამოწვევევის ფონდის ქართული მისიის მიერ განახლებული ქუთაისის #17 საჯარო სკოლაში ვიზიტის დროს

შეკითხვა სკოლასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, რათა ვნახო ქუთაისის განახლებული #17 საჯარო სკოლა. ეს სკოლა არის განსაკუთრებული, რადგან აქვს ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მისიის მიერ განხორციელებული შესანიშნავი რემონტის ხილვა ძალიან სასიამოვნოა. ეს სკოლა არის ერთ-ერთი იმ 91 სკოლიდან, რომლებიც გარემონტდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარების ფარგლებში საქართველოში. და, 37 ათასზე მეტ ქართველ მოსწავლეს უკეთესი შესაძლებლობა ექნება მიიღოს მსოფლიო დონის განათლება სკოლებში, რომელთაც ექნება გათბობა, თანამედროვე ავეჯი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომპიუტერები და ყველაფერი ის, რაც საჭიროა მოსწავლეებისთვის, რომ მომავალში გახდნენ საზოგადოების წარმატებული წევრები და წვლილი შეიტანონ საქართველოს კეთილდღეობაში.

შეკითხვა კონტრ-აქციების შესახებ, რომლებიც როგორც ამტკიცებენ მთავრობის მიერ არის მოწყობილი ოპოზიციის წინააღმდეგ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ზოგადად, მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განვითარების დონით, სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ ხელი შევუწყოთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლებას. და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე, და ჩვენ ველით სამართალდამცავი ორგანოებისგან დემონსტრაციების დროს თითოეულ ძალადობრივ ქმედებაზე თანაბარ რეაგირებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შეკითხვა ნიკა გვარამიასთან მთავრობის დამხობასთან დაკავშირებით პოსტის შესახებ, რომელიც გაზიარებული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერაც. რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს განცხადებები და როგორ შეაფასებდით?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ცვლილებები უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესის შესაბამისად, პარლამენტისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით.

შეკითხვა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც მოჰყვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონის ჩაგდებას. ასევე, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაწყვეტილება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მისაღები იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქართველ მოქალაქეებთან ერთად, იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ პარლამენტმა 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილება არ მიიღო, რამაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ისევე, როგორც საზოგადოებაში, უნდობლობა გამოიწვია. ასე რომ, ჩვენ ახლა ვხედავთ რთულ პოლიტიკურ სიტუაციას. სწორედ ამ მიზნით ჩვენ და ჩვენი ევროკავშირის კოლეგები გავერთიანდით, გვსურს, დავეხმაროთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ნდობის აღდგენაში, რაც არის პირველი ნაბიჯი. სწორედ ახალი გზის მოსაძებნად დავიწყეთ დიალოგი გასულ შაბათს. გერმანული მოდელი არის ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა დიალოგი გრძელდება და სხვა მოდელებიც იქნება განხილული. მე არ შემიძლია გითხრათ, თუ როგორ დამთავრდება ეს დიალოგი, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ თითოეული მხარე გამოიჩენს კეთილ ნებას , შეგვიძლია კარგ შედეგს მივაღწიოთ.

შეკითხვა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ რუსეთის დიდ შვიდეულზე არდაშვების შესახებ, რომლის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია დასახელდა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მე არ ვფლობ დეტალებს ჩვენი კონგრესის ახალი ინიციატივის შესახებ, თუმცა ცალსახაა, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ღირებულებებს არ იზიარებს. ეს ყველაფერი, სხვა საკითხებთან ერთად, კარგად ჩანს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.