ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული, ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პროექტის

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული, ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პროექტის გამოცხადების ცერემონიაზე (12 ნოემბერი)

შეკითხვა მონასტრის დაზიანების კვლევის შესახებ, რომელსაც ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი დააფინანსებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჯვრის მონასტერი ქართული კულტურის, რელიგიისა და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანია არქიტექტურული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ის საქართველოში ქრისტიანობის სამშობლოდ მიიჩნევა. მაგრამ ამავე დროს, ნაგებობის სიძველის, მკაცრი კლიმატური პირობებისა და ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს ჯვარს – წელიწადში ასობით ათასი ადამიანი – ნაგებობა ეროზიის საფრთხის წინაშეა. ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ აშშ-ს საელჩო, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის საშუალებით, დაეხმარება ჯვრის მონასტრის შენარჩუნებას. ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა პროექტი მონაწილეობს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის კონკურსში, საელჩოების მეშვეობით, და წელს ჯვრის მონასტრის პროექტმა მოიპოვა $100,000 გრანტი. ეს გრანტი პირველი ეტაპია, რომელიც დააფინანსებს კვლევას, ამ კვლევის საფუძველზე კი შემუშავდება კონსერვაცია-დაცვის სტრატეგია და გეგმა, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ წლებში განხორციელდება, პროექტის შემდგომ ეტაპზე.

შეკითხვა სამომავლო პროექტების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მას შემდეგ რაც 2001 წელს შეიქმნა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, საქართველოში დაახლოებით 20 პროექტი დააფინანსა. მათში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლების შენარჩუნების პროექტები, როგორიცაა გელათის მონასტერი. გასულ წელს, ჩვენს მიერ დაფინანსდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა სეისმური მოწყობილობების მონტაჟს უფლისციხეში, რაც ხელს შეუწყობს მაღალი სეისმური ზონებისა და აუცილებელი სარესტავრაციო სამუშაოების დადგენას ზარალის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ დავაფინანსეთ იშვიათ ხელნაწერთა შენარჩუნების, ასევე ხალხური მუსიკის ჩანაწერები და მრავალი სხვა პროექტი. ვერ გეტყვით რა პროექტი იქნება შემდეგი გამარჯვებული, მაგრამ ჩვენი უშუალო მიზანია შევძლოთ ჯვარის მონასტრის ფასადზე შესასრულებული სამუშაოების დაფინანსება.

შეკითხვა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის ჩვენების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, იყენებდა სასამართლო სისტემას ოპონენტების წინააღმდეგ და ჰყავს პოლიტპატიმრები (მთავარი არხი)

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: რაც თავის ჩვენებაში თქვა ჯორჯ კენტმა იყო ის, რომ არასწორი იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის – ჩატარებულიყო გამოძიება ან დევნა, რომელიც მიმართული იქნებოდა ამ ქვეყნის მმართველი პარტიის მტრებად მიჩნეული მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველოში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გამოვთქვით შეშფოთება გამოძიების მიმდინარეობის დროისა და კონტექსტის შესახებ და ამ სახის საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით.

შეკითხვა იმის შესახებ პირადად თუ ეთანხმება სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებას

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: როგორც თქვენ აღწერეთ ბატონი კენტის განცხადება, სინამდვილეში არ შეესაბამება იმას, რაც მან რეალურად თქვა.
შეკითხვა ადმინისტრაციული საზღვრის ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ღრმა შეშფოთებით აღვნიშნეთ, რომ ამ ხაზის გასწვრივ ინციდენტების რაოდენობა იზრდება. და ეს ბოლო შემთხვევა -საქართველოს ორი მოქალაქის დაკავება, ემატება იმ ინციდენტთა გრძელ სიას, რომელზეც გამოვთქვამთ წუხილს და რომელსაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ ეტაპზე.