ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის,ელიზაბეთ რუდის,მედია კომენტარი სასტუმრო ბილტმორში (30 ნოემბერი)

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის მედია კომენტარი სასტუმრო ბილტმორში (30 ნოემბერი)

 

შეკითხვა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელობასა და კონსენსუსის შესაძლებლობაზე

ელიზაბეთ რუდი: როგორც გახსოვთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად გამოხატა იმედი და მოუწოდა დიალოგისკენ, მას შემდეგ რაც ვერ გავიდა საკონსტიტუციო ცვლილებები სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოხარული ვართ, რომ დიალოგი დღეს აქ იწყება. მიმაჩნია, რომ ამ დიალოგის მიზანია სხვადასვა არჩევანის განხილვა და არა გამორიცხვა. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ შეძლო ამ დიალოგის მხარდაჭერა USAID-ის მიერ შეხვედრის ადგილის ფინანსური უზრუნველყოფით. აგრეთვე, მოხარული ვართ, რომ აქ იმყოფება ვენეციის კომისიის მდივანი, თომას მარკერტი, რათა მიმდინარე პროცესს მხარი დაუჭიროს რჩევებისა და საექსპერტო გამოცდილების გაზიარებით. მე, კი, აქ ვიმყოფები ევროკავშირის დელეგაციისა და გერმანიის ელჩებთან ერთად, რომ მხარი დავუჭირო ამ პროცესს. იმედი მაქვს, რომ შეხვედრის ყველა მონაწილე დღეს წარმოაჩენს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაეყრდნონ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და რომ ისინი (შეხვედრის მონაწილეები) იზიარებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ერთგულებას და მოიძიებენ წინსვლისთვის საუკეთესო გზას ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

შეკითხვა: არის თუ არა გერმანული მოდელი საუკეთესო გზა არსებული  „კრიზისიდან” გამოსასვლელად

ელიზაბეთ რუდი: მე ნამდვილად არ ვარ პასუხისმგებელი რომელიმე მოდელის შეფასებაზე. კვლავ გამოვთქვამ იმედს, რომ ამ დიალოგის მიზანია არა რომელიმე არჩევანის გამორიცხვა, არამედ საკითხის მოგვარება.